ოთარ შამუგია - მიმდინარე წელს, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვა მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ 3700-მდე პირს დაუფინანსდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგენისას, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სამინისტროს ამ კუთხით ორი ახალი ინიციატივა აქვს.

„გასულ წელს დაიწყო მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის განვითარების პროგრამა და უკვე დაფინანსებულია 60 ბიზნესიდეა, რომელთა ინვესტიციის ოდენობა 9 მლნ ლარზე მეტია, ხოლო სახელმწიფო თანადაფინანსების ოდენობა 4.6 მლ ლარზე მეტს შეადგენს. რაც შეეხება მეორე ინიციატივას, ფიზიკურ პირებს, ვისაც გააჩნია სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მიმდინარე წელს 70 პროცენტიანი საგრანტო დაფინანსებით დაეხმარება სახელმწიფო მიწის დამუშავებისთვის და სხვა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო ხელის ტრაქტორების (მოტობლოკების) შესყიდვაში. განაცხადების მიღება 21 მაისს დაიწყო; შემოსულია 4000-ზე მეტი განაცხადი, რაც იმას ნიშნავს, რომ, მიმდინარე წელს, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ 4000-ზე მეტ პირს, ოჯახს დაუფინანსდება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ამასთან, შამუგიამ ქართული თხილის წარმოების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„თხილი გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი. ქართული თხილის ექსპორტის 70% ევროკავშირში ხორციელდება. თხილი ათიათასობით ოჯახის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. სწორედ ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვეხმარებით თხილის სექტორს. ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0,2-3 ჰექტრამდე ფართობი აქვს საკუთრებაში ან სარგებლობაში, იღებს, 1 ჰექტარზე დაანგარიშებით, 500 ლარის ოდენობით დახმარებას, რომელიც განკუთვნილია აგროტექნიკური ღონისძიებების დროულად და სათანადოდ ჩასატარებლად. ეს პროგრამა გასულ წელს დავიწყეთ. პროგრამის ფარგლებში, 90 ათასამდე მოსარგებლის 44,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღი დარეგისტრირდა თხილის კადასტრში. ფერმერებმა მიიღეს დაახლოებით, 21 მლნ ლარის მიზნობრივი დახმარება. საქართველოში თხილის სექტორს აქვს დიდი პოტენციალი და ჩვენი მიზანია ეს პოტენციალი მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება დარგში ჩართული მოსახლეობის შემოსავლის ზრდაზე“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ოთარ შამუგიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2023 წლის შემოდგომაზე, ევროკომისიამ ქართულ თხილში აფლატოქსინების კონტროლის სახელმწიფო სისტემა დადებითად შეაფასა, რაც ხელს შეუწყობს ევროპის ბაზარზე დამატებითი პროცედურებისა და შეფერხების გარეშე ექსპორტს.

„ჩვენ გვაქვს პოტენციალი, რომ ვიყოთ თხილის ექსპორტიორი ქვეყნების სამეულში და ამ მიმართულებით აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ აქტიური მუშაობა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აგრარულ სექტორში დაზღვევის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლიმატური რისკების დასაზღვევად აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა უკვე წლებია ხორციელდება. პროგრამით 67 000 მდე ბენეფიციარმა ისარგებლა. ანაზღაურებული ზიანი 83 მლნ ლარს აღემატება. პროგრამაში ყოველწლიურად შედის ცვლილებები, რათა ის კიდევ უფრო მეტად მორგებული გახდეს ფერმერების ინტერესებზე და გაიზარდოს მოსარგებლეთა რაოდენობა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბოლო წლებში შეტანილი ცვლილებების შედეგად, გაზრდილია სადაზღვევო პოლისის პრემიის სახელმწიფოს თანამონაწილეობის წილი - მევენახე ფერმერებს 50%-ის ნაცვლად, საშუალება აქვთ, 70%-იანი თანადაფინანსებით შეიძინონ სადაზღვევო პოლისები; 5 ჰა-დან 20 ჰა-მდე, მარცვლეული კულტურების შემთხვევაში 30-დან 100 ჰა-მდე გაიზარდა ფართობები, რომლის დაზღვევა შესაძლებელია ერთი პირის მიერ. შემცირდა სადაზღვევო კომპანიების მხრიდან ზარალზე რეაგირების/შეფასების ვადები და ნაცვლად 21 დღისა, განისაზღვრა 15 დღით; შეიცვალა სადაზღვევო ტარიფები.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ფერმერებს მოუწოდა ისარგებლონ აგროდაზღვევით და დააზღვიონ მოსავალი კლიმატური რისკებისგან.