ანაკლიის პორტის ინვესტორი ჩინური კონსორციუმი აშშ-ის მიერ არის სანქცირებული - რა ვიცით СССС-ზე

„ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე წინადადებები მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა“,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი - ChinaCommunications Construction Company Limited - СССС-ი.

China Communications Construction Company (CCCC) სახელმწიფო კორპორაციაა, რომელიც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობაში არის სპეციალიზებული. ის მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია პორტების, საპორტო აღჭურვილობის, ფსკერგაღრმავების, საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების, გზებისა და ხიდების, რკინიგზის, მეტროს, აეროპორტების და სხვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობაში. კომპანია 150-ზე მეტ ქვეყანაში არის წარმოდგენილი.

კომპანიამ ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში დიდი რაოდენობით მსხვილი პროექტი, მათ შორის, ტვირთბრუნვის თვალსაზრისით მსოფლიოს 10 უდიდესი პორტიდან 7-ის პროექტირება-მშენებლობა და მისი აღჭურვა განახორციელა.

თავდაპირველად, 1979 წელს China Road and Bridge Corporation ჩამოყალიბდა, რასაც მომდევნო წელს China Harbor Engineering Company მოჰყვა, ხოლო 2005 წელს ისინი China Communications Construction Group-ში გაერთიანდნენ, რომელიც მთლიანად ჩინეთის სახელმწიფო აქტივების ზედამხედველობისა და ადმინისტრირების კომიტეტს ექვემდებარება. 2006 წლის 8 ოქტომბერს მან შვილობილი კომპანია, China Communications Construction Company დაარეგისტრირა. იმავე წლის 15 დეკემბერს კომპანიის აქციები ჰონგ კონგის საფონდო ბირჟაზე, ხოლო 2012 წლის 9 მარტს შანხაის საფონდო ბირჟაზეც განთავსდა.

2020 წლის აგვისტოში აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა CCCC-ის რამდენიმე შვილობილი კომპანია სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ხელოვნური კუნძულების მილიტარიზაციის სამშენებლო სამუშაოებისთვის დაასანქცირა. ისინი ე.წ. მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროს სუბიექტთა სასანქციო სიას დაემატნენ. იმავე თვეში შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა „კომუნისტური ჩინეთის სამხედრო კომპანიების“ დამატებითი სია გამოაქვეყნა, რომლებიც აშშ-ში პირდაპირ ან ირიბად მოქმედებდნენ. ამ სიაში CCCC-იც შეიტანეს.

ამასთან, 2020 წლის ნოემბერში დონალდ ტრამპმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანებულება, რომელიც ნებისმიერ ამერიკულ კომპანიას ან ფიზიკურ პირს წილების ფლობას უკრძალავს იმ კომპანიებში, მათ შორის, CCCC-ში, რომლებიც აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა სახალხო-გამათავისუფლებელ არმიასთან კავშირში ამხილა.

2020 წლის დეკემბერში ვაჭრობის დეპარტამენტმა ე.წ. მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროს სუბიექტთა სასანქციო სიაში თავად კორპორაცია, CCCC შეიყვანა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ