იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც ე.წ. "საეჭვო გარიგების კრიტერიუმების" შექმნას გულისხმობს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა და მხარი დაუჭირა.

როგორც მომხსენებელმა, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა განაცხადა, კანონპროექტი მომზადებულია ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა (Moneyval) კომიტეტის რეკომენდაციების საფუძველზე. მისი თქმით, ცვლილებები მოაწესრიგებს კანონით განსაზღვრული ანგარიშვალდებული პირების საქმიანობას და მათ გაუჩენს დამატებით ვალდებულებებს, რათა როგორც ფულის გათეთრება, ასევე ტერორიზმის დაფინანსება მაქსიმალურად შემცირებული იქნეს.

ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, შემუშავდება ე.წ. საეჭვო გარიგების კრიტერიუმები.

„ამ კრიტერიუმების საფუძველზე მოხდება კონკრეტული გარიგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის, რომელმაც 24 საათის განმავლობაში უნდა გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება, თუ დარწმუნდა, რომ ეს ეჭვი საფუძვლიანია და აღნიშნული უძრავი ქონების საკუთრების გადამცემი გარიგება გამოყენებულია ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების მიზნებისთვის, მოითხოვოს გარიგების შეჩერება და შესაბამისი ინფორმაციის გადაგზავნა საგამოძიებო ორგანოში. თუ ამ ვადაში არ იქნება გამოყენებული შესაბამისი მოთხოვნა ან არ დადასტურდება ის ეჭვი, რომელიც მარეგისტრირებელ პირს წარმოეშვება, ამ შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოება გაგრძელდება ჩვეულებრივ“, - აღნიშნა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.