წერეთელი ანაკლიის პორტზე - საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთ გეოპოლიტიკურ ნაბიჯს დგამს - უარს ეუბნება დასავლეთს და გზას უხსნის ჩინეთს

საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთ გეოპოლიტიკურ ნაბიჯს დგამს - უარს ეუბნება დასავლეთს და გზას უხსნის ჩინეთს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ანაკლიის პორტის ინვესტორი ჩინური კონსორციუმი იქნება.

გიგი წერეთლის აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს და ადასტურებს, რომ თავის დროზე იყო მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება და პირადი ინტერესებით ნაკარნახევი.

წერეთელი აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება გეოპოლიტიკურიც არის - „დასავლურ მხარეს, ამერიკულ კონსორციუმს უარი ეთქვა, ის ჩამოაშორეს ანაკლიის პროექტს და დღეს, ამდენი დავის, მსჯელობის, დაპირებების შემდეგ გამოცხადდა“, რომ ჩინური კომპანია არის გამარჯვებული.

"არავინაა ჩინეთთან ჯანსაღი ეკონომიკური თანამშრომლობის მოწინააღმდეგე, მაგრამ ჩინეთის ეკონომიკური ექსპანსიის წინააღმდეგია დასავლეთი და დღეს ერთ-ერთ საფრთხედ არის გამოცხადებული. ასეთ ვითარებაში, საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთ, ამგვარ გეოპოლიტიკურ ნაბიჯს დგამს, უარს ეუბნება დასავლეთს და გზას უხსნის ჩინეთს", - აცხადებს გიგი წერეთელი.