აპრილში თბილისში 3 220 ბინა გაიყიდა - როგორია რაიონების მიხედვით გადანაწილება

2024 წლის აპრილში თბილისში 3 220 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 24.7%-იანი და თვიურად 7.7%-იანი ზრდაა. აღნიშნულის შესახებ ვკითხულობთ Galt&Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების განახლებულ მონაცემებში.

კვლევაში აღნიშნულია, რომ მკვეთრი წლიური ზრდა წინა წლის დაბალი ბაზით არის გამოწვეული. ამასთანავე, აპრილში გაყიდვების რაოდენობის ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე (29.1% წ/წ და 21.3% წ/წ, შესაბამისად).

აღსანიშნავია ისიც, რომ საანგარიშო პერიოდში გაყიდული ბინების უდიდესი ნაწილი მდებარეობდა დიდ დიღომში, საბურთალოსა და სამგორის რაიონებში. კვლევის თანახმად, გაყიდვები კრწანისის (-5.9 წ/წ) და მთაწმინდის (-18.8% წ/წ) გარდა თბილისის ყველა რაიონში გაიზარდა.

„ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2 ) დომინირება, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო, და ბიუჯეტური კლასის სეგმენტის (<$1000/მ 2) წილის კლება, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით“, - ვკითხულობთ კვლევაში.

მიმდინარე წლის აპრილში თბილისის რაიონებში გაყიდული ბინების რაოდენობა ასე გამოიყურება:

  • მთაწმინდა- 56 ბინა;
  • ვაკე - 110 ბინა;
  • ჩუღურეთი - 106 ბინა;
  • კრწანისი - 111 ბინა;
  • საბურთალო 531 ბინა;
  • ისანი - 245 ბინა;
  • დიდუბე - 266 ბინა;
  • ნაძალადევი - 264 ბინა;
  • გლდანი - 371 ბინა;
  • სამგორი - 481 ბინა;
  • დიდი დიღომი - 626 ბინა;
  • ვაშლიჯვარი - 52 ბინა.

მერი ტაბატაძე