„სავარაუდოდ, იქნება“ - ასე პასუხობს „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კითხვას, იქნება თუ არა ანაკლიის პორტის თემა ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკასთან, განხეთქილების კიდევ ერთი თემა.
ყოფილი პრეზიდენტი ეხმაურება ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ანაკლიის პორტი შესაძლოა, ჩინეთ-სინგაპურის კონსორციუმმა ააშენოს. მისი თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობაში აზიური კომპანიის შემოსვლა გეოპოლიტიკურ დღის წესრიგს ვერ განსაზღვრავს და არც საქართველოსთვის იქნება დრამატული შედეგების მომტანი.
„გაფაციცებული უნდა ყოფილიყვნენ ჩვენი პარტნიორები იმ შესაძლებლობებთან მიმართებაში, რომელიც არის კავკასიაში და იმ ალტერნატიულ გზაზე, რომელსაც წარმოადგენს საქართველო. მე ვფიქრობ, პარტნიორებმა მოადუნეს ყურადღება და შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის საქართველოსთვის დრამატულად პრობლემური, არ ვფიქრობ, რომ პოლიტიკურად დამაზიანებელია. ამის შემდეგ პარტნიორები მომავალში უფრო ყურადღებით იქნებიან. ეს არ არის კატასტროფა, რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნებოდა თუ იქნებოდნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, მაგრამ არ არიან იმიტომ, რომ არ მიაქციეს ბოლომდე ყურადღება,“ - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.
ამასთან, მარგველაშვილი საუბრობს პროცესებში დასავლეთის როლზე. მე-4 პრეზიდენტმა გაიხსენა მისი პრეზიდენტობის დრო და მოლაპარაკებები, რომელიც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით დასავლეთის პარტნიორებთან მიმდინარეობდა. მისი თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური კომპანიების შემოსვლა დასავლეთის „ნელთბილი“ დამოკიდებულების შედეგია.
„წლების განმავლობაში ქართული მხარე, რომლის ნაწილიც ვიყავი მე, ვთხოვდით დასავლეთს, რომ გააქტიურებულიყვნენ ამ პორტთან მიმართებაში, კასპიის აღმოსავლეთის ენერგორესურსების ინტეგრაციასთან მიმართებაში. არ ჩადეს ძალისხმევა, არ მიიღეს მონაწილეობა ბოლომდე. მე მახსოვს ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობდი მათთან აღმოსავლეთ კასპიის რესურსების დასავლეთ კასპიის რესურსების ინტეგრაციასთან და ბუნებრივია, ეს იქნებოდა საქართველოს მიმართულებით. ამ მხრივ იყო პოზიცია, რომ მოსაწონია, კარგია, მაგრამ არ იყო ბოლომდე ჩართულობა.
მაშინ ჩვენ ვმუშაობდით თურქმენებთან, ისინი მონდომებულები იყვნენ აღმოსავლეთ კასპიის რესურსები პირდაპირ გადანაწილებულიყო დასავლეთ კასპიის მიმართულებით და შემდეგ უკვე ევროპის მიმართულებით. მოდუნებულად მიუდგნენ ამ საკითხს - როცა აპრიორი მიგაჩნია, რომ ყველაფერი თავისით დალაგდება, ხდება ასე, რომ ერთ-ერთ პორტს, რომელიც შეიძლება ყოფილიყო შენი სტრატეგიული პორტი და რომლის პრობლემატიკასთან მიმართებაში შენ უნდა ყოფილიყავი გაფაციცებული, განსაკუთრებით მაშინ, როცა პროექტი ჩავარდა. ეს დასანანია, მაგრამ არ არის გეოპოლიტიკურად განმსაზღვრელი,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, 29 მაისს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე წინადადებები მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა. მისივე თქმით, პროექტზე გამოცხადებული იყო კერძო პარტნიორისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელიც ორმა პრეტენდენტმა დააკმაყოფილა, კერძოდ, შვეიცარიულ-ლუქსემბურგულმა (Terminal Investment Limited Holding S.A. (T.I.L Holding S.A) და ჩინურმა (ChinaCommunications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური) კომპანიებმა, თუმცა მათ ტექნიკური კომერციული ფინანსური წინადადებების წარდგენის ვადა 2024 წლის 20 მაისამდე ჰქონდათ, ამ ეტაპისთვის კი, ინტერესი მხოლოდ ჩინურ კომპანიებს აქვს გამოხატული.