Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი შესაძლოა, დონალდ ტრამპის კონსულტანტი გახდეს, თუ ის წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს. ინფორმაციას The Wall Street Journal (WSJ) ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, WSJ-ის ცნობით, ტრამპმა მასკს განუცხადა, რომ თუ ნოემბერში არჩევნებს მოიგებს, თავის საქმეებში ბიზნესმენის „უფრო აქტიურად ჩართვის“ გზებს გამონახავს. მასკის როლი ჯერ არ არის განსაზღვრული, თუმცა მხარეებმა განიხილეს, თუ როგორ შეუძლია მას, გავლენა მოახდინოს საიმიგრაციო პოლიტიკასა და ეკონომიკაზე. ეს ის სფეროებია, რომლებზეც მასკი სულ უფრო ხშირად საუბრობს.
იმის მიუხედავად, რომ სულ რაღაც ორი წლის წინ მასკი და ტრამპი ერთმანეთს საჯაროდ აკრიტიკებდნენ, ბოლო დროს მათ შორის ურთიერთობა დათბა და, გაზეთის წყაროს ცნობით, თვეში ერთმანეთს რამდენჯერმე ურეკავენ. მასკი ტრამპს პირდაპირ მის მობილურ ტელეფონზე ურეკავს.
ამ სატელეფონო საუბრების დროს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და მილიარდერი იმიგრაციის, ახალი ტექნოლოგიებისა და მეცნიერების, მათ შორის, აშშ-ის კოსმოსური სექტორის საკითხებზე საუბრობენ და, წყაროს ცნობით, მათი შეხედულებები ერთმანეთს სულ უფრო მეტად ემთხვევა. მაგალითად, ახლახან მათ მასკის რამდენიმე კომპანიის, მათ შორის, X-ის, Tesla-სა და SpaceX-ის, ასევე, ზოგადად ელექტრომობილების ინდუსტრიის მუშაობის საკითხზე ისაუბრეს. მასკმა ტრამპს სთხოვა, უფრო ხშირად ეწერა X-ზე, სადაც ყოფილ პრეზიდენტს ადრე 88 მილიონი გამომწერი ჰყავდა.
ცნობისთვის: ილონ მასკი აცხადებს, რომ ტრამპისთვის მხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერას არ აპირებს და აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის დასამარცხებლად ბიზნეს წრეებში თავის ურთიერთობებს ტრამპის სასარგებლოდ „გავლენიანი მოკავშირეების მხარდაჭერისთვის“ გამოიყენებს. მეტიც, მასკი აპრილში, ლოს-ანჯელესში ბიზნესმენებისთვის გამართული საიდუმლო ვახშმის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, რომლის სტუმრებმაც „საზოგადოების თვალის მიღმა“ ტრამპის ფინანსური მხარდაჭერა განიხილეს. მასკი გეგმავს, ბაიდენის წინააღმდეგ ღონისძიებების ორგანიზება განაგრძოს. ის აცხადებს, რომ შეშფოთებულია იმ მიმართულებით, მათ შორის, ლიბერალური დღის წესრიგით, რომლითაც შეერთებული შტატები ვითარდება. ჯერ კიდევ 2022 წლის მაისში მასკმა X-ზე დაწერა, რომ ის ხმას მისცემდა „რესპუბლიკელებს,“ რადგან „დემოკრატები უთანხმოებისა და სიძულვილის პარტიად იქცნენ“ და მათი მხარდაჭერა აღარ შეეძლო.
Forbes Real Time-ის მილიარდერთა სიაში ილონ მასკი პირველ ადგილს იკავებს და 29 მაისის მდგომარეობით, მისი ქონება 209,5 მლრდ დოლარად არის შეფასებული.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ