ქვეყნის შიგნით მოგზაურობა გაძვირდა - როგორია შიდა ტურიზმის სტატისტიკა

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1.277 მილიონით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1.555 მილიონი ერთეული შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა გაიზარდა 8.8 პროცენტით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 6.8 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს - ამის სესახებ აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ შიდა ტურიზმის ანგარიშში.

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 688.2 ათასით განისაზღვრა, რაც 10.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის ცნობით, 2024 წლის პირველ კვარტალში ვიზიტორების 37.3 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 53.4 პროცენტს შეადგენდა.

ამასთან, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 38.4 პროცენტი ქ. თბილისის მცხოვრებია, 14.6 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე,8.7 პროცენტი - აჭარის ა/რ-ზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილებით არის წარმოდგენილი.

2024 წლის პირველ კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (52.4 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ქ. თბილისში (საშუალოდ 377.0 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 336.0 ათასი ვიზიტი თვეში).

2024 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 265.9 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 8.6 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 1.8 პროცენტით და 170.9 ლარს უტოლდება.

screenshot-2-1717054012.jpg