ბიზნესისთვის ძირითადი გამოწვევაა საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდა, რაც იწვევს კლიენტების დაკარგვას

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2023 წლის განმავლობაში, საწარმოთა 6.8%-მა ბაზარზე შემოიტანა ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი, ხოლო იმ საწარმოთა წილმა, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში დანერგეს ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული მომსახურება, 6.2% შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქონლისა და მომსახურების ინოვაციები უმეტეს შემთხვევაში საწარმოების მიერ დამოუკიდებლად იყო შემუშავებული (შესაბამისად 75.8% და 63.5%). სხვა შემთხვევებში ამ კუთხით მათ მხარდაჭერა მიიღეს სხვა საწარმოებისგან ან დაწესებულებებისაგან.

ამასთან, განხორციელებული ინოვაციების 56.7% ახალი იყო საწარმოებისთვის, ხოლო 43.3% - სიახლეს წარმოადგენდა ბაზრისთვის.

სტატისტიკის თანახმად, საწარმოთა მიერ ახალი ან გაუმჯობესებული ბიზნეს პროცესების ინოვაციების 82.1% შემუშვებულია უშუალოდ საწარმოს მიერ, 24.0% - სხვა საწარმოებთან ან დაწესებულებებთან ერთად, 22.9% მოდის სხვა საწარმოების ან დაწესებულებების მიერ შემუშავებული საქონლის/მომსახურების ადაპტირება - მოდიფიცირების განახორციელებაზე, ხოლო 18.9% შემუშავებული იქნა სხვა საწარმოების ან დაწესებულებების მიერ.

ეკონომიკური საქმიანობის სტრატეგიების შეფასებისას ფოკუსირებას მაღალ ხარისხზე საწარმოთა 47.9%-მა მიანიჭა დიდი მნიშვნელობა, საწარმოთა 35.7% მაღალ მნიშვნელობას ანიჭებს ფოკუსირებას არსებული საქონლის/მომსახურების გაუმჯობესებაზე, ხოლო საწარმოთა 35.3% - მაღალ მნიშვნელობას ანიჭებს ფოკუსირებას არსებულ მომხმარებელთა ჯგუფების დაკმაყოფილებაზე.

გამოკვლევის მიხედვით, ბიზნეს გარემოს შეფასებისას, ძირითად გამოწვევად დაფიქსირდა საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდა, რაც იწვევს კლიენტების დაკარგვას.

ნინი ქეთელაური