„ოთახფონდი დიდია და კონკურენცია გაიზარდა“ - რა გამოწვევები აქვს სასტუმროებს

„ოთახფონდი დიდია და კონკურენცია გაიზარდა“, - ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ ჰოტელიერი მაია მურაჩაშვილი სასტუმროების ძირითად გამოწვევას ადგილობრივ ბაზარზე.

როგორც მურაჩაშვილი აღნიშნავს, პანდემიის პერიოდში საქართველოში ბევრი სასტუმრო გაიხსნა და ოთახფონდიც გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის შემდეგ ტურიზმის აღდგენა მიმდინარეობს, მომართვიანობასთან შედარებით ოთახფონდი გაცილებით მეტია.

„ნაკლებია მომართვიანობა, ვიდრე ჩვენ ბაზარზე ოთახფონდი გვაქვს. ამან გამოიწვია ფასების შემცირება. საერთაშორისო ბრენდ სასტუმროებს არ გაუჭირდათ ადაპტირება იმიტომ, რომ მათ ცნობადობა მაღალი აქვთ და ფასების დასტაბილურება მალე მოახერხეს. რაც შეეხება ადგილობრივი ინვესტიციებით შექმნილ სასტუმროებს, თუნდაც ეს იყო 3-4-5-ვარსკვლავიანი სასტუმროს, რომელიც ბრენდის ქსელი არ არის, გადარჩენა უწევს ბრენდულ სასტუმროებსა და იმ მაღალმხარჯველ სტუმრებს შორის, რომლებიც მაინც ირჩევენ ბრენდულს“, - განაცხადა მურაჩაშვილმა.

გაზრდილი კონკურენციისა და დიდი ოთახფონდის პირობებში, ადგილობრივი ინვესტიციით შექმნილ სასტუმროებს, იმისთვის რომ გადარჩნენ, უწევთ ფასების შემცირება. ეს კი მაშინ, როცა მაღალია ქონების გადასახადი, სექტორში დასაქმებულთა ხელფასები, კომუნალურები და ა.შ.

კიდევ ერთი პრობლემაა ბაზარზე კადრების სიმცირე. როგორც ჰოტელიერი აღნიშნავს, გამოცდილმა კადრების ნაწილმა საქართველო პანდემიის დროს დატოვა ან მიმართულება შეიცვალა. ბაზარზე შეიქმნა კადრების დეფიციტი, ხელფასები კი გაიზარდა. ამ პირობებში ტურიზმისა თუ გასტრონომიის სფეროში სასტუმროებს უწევს ნაკლები გამოცდილების და ცოდნის მქონე კადრის დასაქმება გაზრდილი ხელფასის პირობებში და შემდეგ უკვე მათი შიდა გადამზადებაც.

„ხელფასები გაიზარდა. თუ შევადარებთ 2019 წლის მაჩვენებელს, 150%-ზე მეტით არის გაზრდილი სახელფასო ფონდი. გამოწვევაა ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, უკვე კარგად გადამზადებული ტურიზმისა თუ გასტრონომიის სფეროში, პანდემიის დროს გავიდა ქვეყნიდან ან შეიცვალა მიმართულება. დეფიციტი დიდია კადრების, გვიწევს კადრების აყვანა, გაძვირებული ხელფასების გადახდა და შიდა დატრენინგება“, - დასძინა მან.

საქართველოში არსებული სასტუმროებისთვის, კვლავაც გამოწვევას წარმოადგენს გაუმართავი ინფრასტრუქტურა. ქვეყანაში გზების ნაწილი კვლავაც მოუწესრიგებელია. ჰოტელიერის ინფორმაციით, მაგალითად, მესტიას ზამთრის სეზონი ჩაუვარდა, რადგან მოუწესრიგებელია საგზაო ინფრასტრუქტურა და იქ მოხვედრა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

„4 სასტუმრო მაქვს გახსნილი მესტიაში და ვიცი, რომ მათ ძალიან უჭირდათ. ქუთაისის სასტუმროში მაგალითად, მოსასვლელი გზა დასაგებია, გრუნტიანი გზაა, რომელიც ტრანსპორტისთვის უხერხული მოსასვლელია. ამ სასტუმროზე 7 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, არის 100%-იანი ქართული ინვესტიცია და სასტუმრომდე მოსასვლელი გზის გამო დაბრკოლებები გვაქვს“, - განმარტა მაია მურაჩაშვილმა.

შეგახსენებთ, 2024 წლის 1-ელი მაისის მდგომარეობით, საქართველოში 2 801 სასტუმრო და განთავსების მსგავსი საშუალებაა აქტიური, აღნიშნულიდან 782 სასტუმროს სივრცეში განთავსებულია რესტორანიც.

იხილეთ ასევე: საქართველოში 2 801 აქტიური სასტუმროა - როგორია რეგიონების მიხედვით გადანაწილება

მერი ტაბატაძე