ჩინურმა კომპანიებმა, რომლებიც, პენტაგონის მტკიცებით, ქვეყნის „უსაფრთხოებას ემუქრებიან,“ შვილობილი კომპანიების რებრენდირება და აშშ-ში რეგისტრაცია დაიწყეს, რომ ამერიკულ ბაზარზე თავიანთი პროდუქციის გაყიდვა შეძლონ. ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს.
კერძოდ, დეკემბერში, მიჩიგანში დარეგისტრირდა ახალი კომპანია, American Lidar, რომლის სარეგისტრაციო დოკუმენტებში არ არის ნახსენები, რომ მის უკან ჩინური მწარმოებელი, Hesai Group დგას. ის ლიდარებს, ანუ რადარის ანალოგებს აწარმოებს, რომელიც მიმდებარე ობიექტების თვალყურის სადევნებლად რადიოტალღების ნაცვლად სინათლის ტალღებს იყენებს. Hesai Group მიმდინარე წლის იანვარში თავდაცვის დეპარტამენტის შავ სიაში მოხვდა, რომლის ფიგურანტებს აშშ-ის შეიარაღებული ძალებისთვის თავიანთი პროდუქციის მიყიდვა ეკრძალებათ.
პენტაგონის მტკიცებით, სამხედრო ავტომობილებზე დამონტაჟებული Hesai-ის ლაზერული სენსორები შესაძლოა, აშშ-ში კონფიდენციალური მონაცემების შესაგროვებლად იქნეს გამოყენებული. თავის მხრივ, კომპანია ამტკიცებს, რომ მისი ლიდარები საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან მათ გამოსახულების შენახვა ან უსადენოდ გადაცემა არ შეუძლიათ, ხოლო კომპანიას ჩინეთის მთავრობა არ აკონტროლებს. მეტიც, Hesai-ს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წინააღმდეგ შავი სიიდან ამოღების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი.
კიდევ ერთი ჩინური ბიოტექნოლოგიური კომპანიის, BGI Genomics-ის მასაჩუსეტსის შვილობილი კომპანია, BGI Americas პენტაგონმა ჩინეთის სამხედრო კომპანიების სიას 2022 წელს დაამატა. თუმცა ერთი წლის შემდეგ ფილიალმა რებრენდინგს მიმართა და სახელი “Innomics”-ად შეიცვალა. მიმდინარე წლის აპრილში აშშ-ის კონგრესის სპეციალურმა კომიტეტმა კომპანიის მიერ სახელის შეცვლას „მარეგულირებელი ორგანოების კონტროლის თავიდან აცილების მცდელობა“ უწოდა. კონგრესმა პენტაგონს სთხოვა, შავ სიისთვის Innomics-იც დაემატებინა.
ასევე, დრონების მსოფლიოს უმსხვილესმა ჩინურმა მწარმოებელმა, DJI Technology-მ 2023 წლის დასაწყისში გარიგება დადო ამერიკულ სტარტაპ Anzu Robotics-თან, რომელიც მას საშუალებას აძლევს, თავისი მოდელები შეერთებულ შტატებში გაყიდოს. ამას წარმომადგენელთა პალატის წევრმა, ელიზ სტეფანიკმა DJI-ის “სასოწარკვეთილი მცდელობა” უწოდა, რომ კომპანიამ აშშ-ის მიერ DJI-დრონების აკრძალვას გვერდი აუაროს. ვაშინგტონი ამტკიცებს, რომ DJI-ს შეუძლია, თავისი დრონებიდან მონაცემები პეკინში გაგზავნოს, თუმცა კომპანია ამ ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს.
ამდენად, American Enterprise Institute-ის უფროსი თანამშრომელი, დერეკ სცისორსი თეთრ სახლს ურჩევს, “სანქციები ცალკეულ კომპანიებს კი არა, ტექნოლოგიურ სექტორებს დაუწესოს.“
მოამზადა ლადო სულაბერიძემ