„უცხოური გავლენის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის გამო, საქართველოს ელჩი ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩი უწყებაში დაიბარა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევას ე.წ.“უცხოური გავლენის შესახებ“ კანონზე, - ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღრმა მწუხარება გამოხატა საქართველოს მმართველი პარტიის მიერ გადადგმულ ნაბიჯთან და სხვა ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც მიმართულია ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის დაშინებისა და შეზღუდვისკენ. ეს ქმედებები ძირეულად ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციით დაფიქსირებულ მისწრაფებებს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიანიჭა, იმ პირობით, რომ შეასრულებდა ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციას. როდესაც საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო, ევროკავშირმა ცალსახად გააფრთხილა, რომ რუსეთის სტილის კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ფუნდამენტურ სტანდარტებს და ღირებულებებს და იყო შეფერხება აუცილებელი რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც ასახულია ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციიდან მინიმუმ სამში. ქვეყანაში ცოტა ხნის წინ წარადგინეს კიდევ რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შეუთავსებელია ევროკავშირთან ინტეგრაციასთან, გავრცელდა ანტიდასავლური პროპაგანდა და მასობრივი პროტესტი მოჰყვა ხელისუფლების მიერ სამოქალაქო საზოგადოების დაშინებისა და მისი წარმომადგენლების მიმართ ძალადობის კამპანიას“, - აღნიშნულია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების განცხადებით, ლიეტუვა ღრმად არის შეშფოთებული ამ მოვლენებით და პარტნიორებთან ერთად განიხილავს შესაძლო საპასუხო ზომებს საქართველოსთან დაკავშირებით.

„ხაზს უსვამს რა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის აუცილებლობას, რომელიც ასახავს ქართული საზოგადოების ნებას, ლიეტუვა აგრძელებს თანმიმდევრულ მხარდაჭერას ქართული საზოგადოების მისწრაფებების მიმართ, რომელიც ქვეყნის მომავლის ევროკავშირთან და ნატო-სთან დაკავშირებას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.