ევროკავშირიდან რუსეთში საქონლის ექსპორტი ბოლო ორი წლის განმავლობაში, ანუ 2022-2024 წლების პირველ კვარტლებს შორის ფულადი თვალსაზრისით 55%-ით, ხოლო რუსეთიდან იმპორტი 85%-ით შემცირდა. ამის შესახებ Eurostat-ის უახლეს მონაცემებში წერია.
მხოლოდ მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ევროპის ექსპორტმა რუსეთის ფედერაციაში 8,8 მლრდ ევრო, იმპორტმა კი 9,7 მლრდ ევრო შეადგინა. ამდენად, ევროკავშირის სავაჭრო ბალანსის დეფიციტი წლის პირველ სამ თვეში მხოლოდ 0,9 მლრდ ევრო იყო. ასეთი ვაჭრობის დინამიკა, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გაგრძელედება, რაც ენერგომატარებლებზე ფასების მუდმივი კლებითა და რუსული საქონლის იმპორტზე მოქმედი შეზღუდვებით არის გამოწვეული.
ვაჭრობის შემცირებამ განაპირობა ის, რომ რუსეთის წილი ევროპულ ექსპორტში 2022 წლის იანვარ-მარტში დაფიქსირებული 3.2%-დან 2024 წლის პირველ კვარტალში 1.4%-მდე დაეცა, იმავე პერიოდში რუსეთის წილი ევროკავშირის იმპორტში კიდევ უფრო შესამჩნევად, 9,4%-დან 1,6%-მდე შემცირდა.
უკრაინაში ომის დაწყებამდე რუსეთს ევროკავშირიდან ყველაზე აქტიურად სატრანსპორტო საშუალებები, სამანქანო მოწყობილობები, ელექტრონიკა და მედიკამენტები მიეწოდებოდა. სანქციების გამო ევროპიდან ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე შესამჩნევად სამანქანო მოწყობილობების ექსპორტი შემცირდა. კერძოდ, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ამ ექსპორტმა ფულადი თვალსაზრისით 75 მლნ ევრო შეადგინა, მაშინ, როცა 2023 წლის იანვარ-მარტში 1,8 მლრდ ევროს, ხოლო 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში 3,5 მილიარდ ევროს უტოლდებოდა. შემცირდა ამ კატეგორიის მიწოდების ფიზიკური მოცულობაც, ხოლო ევროპული ფარმაცევტული პრეპარატების ექსპორტი როგორც ნატურალური, ასევე, ფულადი თვალსაზრისით სტაბილური რჩება, რადგან მათზე სანქციები არ ვრცელდება.
ევროკავშირში იმპორტირებულ ძირითად რუსულ საქონელს შორის ნიკელი, სასუქები, რკინა, ფოლადი, ნავთობი და ბუნებრივი აირია. ამასთან, რუსეთის ნახშირწყალბადების მიწოდებაზე დამოკიდებულებას ევროპა თანმიმდევრობით ამცირებს. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში რუსული ნიკელის ევროპულმა იმპორტმა 2021 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებული ღირებულების 63% შეადგინა, ხოლო ნავთობის იმპორტი სამი წლის წინანდელი მაჩვენებლის 12%-მდე დაეცა.
ცალკეული კატეგორიის “ამოვარდნილი” რუსული საქონლის მიწოდებას კვლავ აქტიურად ანაცვლებენ სხვა ქვეყნები, როგორიც არის აშშ-ნორვეგია ნიკელისა და ნავთობის იმპორტში და თურქეთი-სამხრეთ კორეა რკინა-ფოლადის მიწოდებაში.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ