ბაგების დასახლებიდან წამოსულ ავტომობილებს შეეძლებათ პირდაპირ გადავიდნენ ვაჟა-ფშაველას გამზირზე - კალაძე

ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდა. როგორც თბილისის მერმა განაცხადა, მსგავსი მასშტაბური პროექტი ბოლო ათწლეულებია თბილისში არ განხორციელებულა. ხიდი ავტომობილებისთვის დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ გახსნეს.

ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო სახიდე გადასასვლელი, რომელიც უკვე არსებული საფეხმავლო ხიდის გასწვრივ აშენდა, 260 მეტრი სიგრძისაა და ოთხი სამოძრაო ზოლისგან შედგება, ხოლო მანძილი წყნეთის გზატკეცილიდან უნივერსიტეტის ქუჩამდე 532 მეტრია.

აღსანიშნავია, რომ საავტომობილო ხიდის მშენებლობის ფარგლებში, მოეწყო ტროტუარები, გარე განათების ქსელი და LED სანათები, დამონტაჟდა მოაჯირები, ხიდის სავალ ნაწილზე ჩატარდა საიზოლაციო სამუშაოები, მოეწყო სანიაღვრე სისტემა და დაიგო ასფალტის რამდენიმეფენიანი საფარი, გათვალისწინებულია ველობილიკიც.

„მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით, ამ პროექტს აქვს გაგრძელებაც, რომლის შესახებაც ინფორმაციას ცოტა მოგვიანებით - მომდევნო კვირაში მოგაწვდით. ამ ხიდის გამოყენებით ბაგებიდან წამოსული ავტომობილები შეძლებენ ქავთარაძის ქუჩასთან პირდაპირ დაკავშირებას და ასევე შეძლებენ პირდაპირ გადასვლას ვაჟა-ფშაველას გამზირზე. მნიშვნელოვანი პროექტია და ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით ვისაუბრებ,“ - განაცხადა კალაძემ.