ფოთის ნავსადგურმა საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი პირველი ბორანი „აია“ მიიღო

ფოთის საზღვაო ნავსადგურმა ქართული დროშის ქვეშ მცურავი ბორანი „აია“ მიიღო , - ამის შესახებ განცხადებას „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ავრცელებს.

ბორანი „აია“ შექმნილია სარკინიგზო ვაგონებისა და სატვირთო მანქანების გადასაზიდად და შეუძლია 60-მდე დიდი სატვირთო მანქანის გადაყვანა. ქართულმა კომპანიამ E60 Shipping Line-მა აღნიშნული ბორანი რამდენიმე თვის წინ შეიძინა.

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ცნობით, ბორნის ეკიპაჟი სრულად დაკომპლექტებულია ქართველი მეზღვაურებით და რეგულარულ რეისებს ასრულებს ფოთისა და კონსტანცას პორტებს შორის.

„გვაქვს პატივი, ვუმასპინძლოთ საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ პირველ ბორანს ფოთში. ვაფასებთ ჩვენი მომხმარებლების ძალისხმევას, გააძლიერონ სავაჭრო კავშირები ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოსთან ფოთის გავლით. გვჯერა, რომ ამ ახალ საბორნე სერვისს აქვს დიდი პოტენციალი შექმნას ახალი შესაძლებლობები ქართული ლოგისტიკისა და საზღვაო ინდუსტრიისთვის“, - განაცხადა „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ კომერციულმა დირექტორმა, იენ როლინსონმა.

მერი ტაბატაძე