სახელმწიფო აუდიტის სამსახური სტიქიით დაზარალებულებს ფინანსურად დაეხმარება

გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია 13-14 ივნისს, თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ უწყება საკუთარი ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების ხარჯზე დაზარალებულებს 50 000 ლარით დაეხმარება. "სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამ ეტაპზე წყვეტს ყველა დაგეგმილ მივლინებას, ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს ადმინისტრაციულ ხარჯებს და უწყების ბიუჯეტიდან 50 000 ლარს მიმართავს დაზარალებულთა დასახმარებლად. იქიდან გამომდინარე რომ სახელმწიფო სტრუქტურების დიდი ნაწილი ჩართულია სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო ღონისძიებებში, ამ კვირის განმავლობაში ყველა აუდიტორული საქმიანობა დროებით შეაჩერებს აუდიტის ობიექტებზე მუშაობას. ამასთანავე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანაშრომლები მოხალისეებად არიან ჩართულნი სტიქიის შედეგად დაზარებულთა დასახმარებლად მიმდინარე სამუშაოებში," - განაცხადა გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ.