რეზერვების ასეთი ინტენსივობით გაყიდვის შემთხვევაში, ის ქვეყანას მაქსიმუმ რამდენიმე თვე ეყოფა - ოთო აბესაძე

დოლართან მიმართებაში ლარის კურსის გაუფასურება პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მესამე მოსმენის შემდეგ დაიწყო და მერყეობები დღემდე გრძელდება. ეროვნულმა ბანკმა გაუფასურების შესაკავებლად მიმდინარე წლის 16 მაისიდან დღემდე, სავალუტო აუქციონზე ჯამში 108.7 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.

როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ ეკონომისტი ოთო აბესაძე აღნიშნავს, სებ-ის ფუნქციაა გამოიყენოს რეზერვები სავალუტო კრიზისების დროს, თუმცა ეს კრიზისები უნდა იყოს ბუნებრივი. მანვე ისაუბრა რეზერვების მოცულობასა და პროგნოზებზე და დასძინა, რომ თუ ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზრებზე იმავე ინტენსივობით გააგრძელებს ვაჭრობას, საქართველოს სავალუტო რეზერვები რამდენიმე თვე ეყოფა.

„ეროვნული ბანკის მოვალეობაა, რომ სავალუტო კრიზისების დროს გამოიყენოს რეზერვები. ოღონდ ეს სავალუტო კრიზისი უნდა იყოს ბუნებრივი და არა ხელოვნურად შექმნილი, რომელიც გამოწვეულია გაუკუღმართებული კანონით. შესაბამისად, ნუ გვაქვს წარმოდგენა და ილუზია ადამიანებს, რომ რეზერვები არის ძალიან ბევრი. თუ ეროვნულმა ბანკმა ამ ინტენსივობით (ინტენსივობა გაგრძელდება) განაგრძო რეზერვების ჩაშვება ბიუჯეტში, ეს მაქსიმუმ ქვეყანას ეყოს რამდენიმე თვე. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში თუ სანქციების ქვეშ მოყვა და სავალუტო ფონდმა, სხვადასხვა საერთაშორისო ინსტანციებმა სანქცირება გაუწია საქართველოს მთავრობას, სარეზერვო დოლარსაც ვეღარ მიიღებს ქვეყანა. ეს ძალიან რეალურია, არ მინდა საზოგადოება დავზაფრო, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებთ, რამხელა ეკონომიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ“, - განაცხადა ოთო აბესაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონი 16 მაისს გამართა. მაშინ სებ-მა ბაზარს 60 მლნ დოლარი მიაწოდა. სებ-მა აუქციონზე მეორედ 28 მაისს ივაჭრა, გასაყიდად 60 მილიონი დოლარი გამოიტანა და 48.7 მილიონი გაყიდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა. IMF-ის შეფასებით, „მნიშვნელოვანი სავალუტო შესყიდვების მიუხედავად, საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა ადეკვატურობის ზღვარს ქვემოთ დაეცა“.

რაც შეეხება რეზერვებს, აპრილში საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა 4.8 მილიარდი დოლარი შეადგინა. სავალუტო რეზერვების მთლიან მაჩვენებელში 529,4 მილიონი დოლარის ოქროა, რაც საერთო მაჩვენებლის თითქმის 11%-ია. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვებს მონეტარული ოქრო მიმდინარე წლის მარტში დაამატა.

მერი ტაბატაძე