2013 წლამდე გამოშვებული ავტობუსები და სატვირთო მანქანები საქართველოში იანვრიდან ვეღარ დარეგისტრირდება

იანვრიდან 2013 წლამდე გამოშვებული ავტობუსები და სატვირთო მანქანები საქართველოში ვეღარ დარეგისტრირდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის და გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანი ღონისძიებები ხორციელდება ქვეყანაში.

„2024 წლიდან ავტომობილებისთვის ამოქმედდა ემისიის ევრო 5 სტანდარტი - ქვეყანაში ვერ რეგისტრირდება მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ სტანდარტს. მომავალი წლიდან რეგულაცია გავრცელდება სატვირთო მანქანებზე და ავტობუსებზე.

ქვეყანაში უკვე 7 წელია მოიხმარება ევრო 5 სტანდარტის ბენზინი, 2023 წლიდან დიზელზეც ევრო 5-ს სტანდარტი ამოქმედდა.

ავტომობილების ხილული გამონაბოლქვის გზაზე კონტროლი 4 ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში მიმდინარეობს.

ყოველწლიურად ფართოვდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი. ამ ეტაპისთვის ქვეყნის მასშტაბით 18 ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგური ფუნქციონირებს. 2026 წლამდე სადგურების რაოდენობის 27-მდე გაიზრდება და საქართველოს ექნება სრულად ევროპული სტანდარტების შესაბამისი ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა,“- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

თაია არდოტელი