აფხაზეთში Booking.com-ს რუსული “ოსტროვოკი” ჩაენაცვლა

აფხაზეთში განსახლების ობიექტების დაჯავშნის ონლაინ სერვის Booking.com-ს რუსული “ოსტროვოკი” ჩაენაცვლა. ინფორმაციას TASS ავრცელებს.

პლატფორმის პრეზენტაცია ახალ ათონში გაიმართა, რომელსაც დე ფაქტო ტურიზმის სამინისტროს წარმომადგენლები და ტურიზმის სფეროს ადგილობრივი მეწარმეები ესწრებოდნენ.

დე ფაქტო მინისტრის მოადგილე ასტამურ ბარციცის ცნობით, Booking-მა 2023 წლის 23 დეკემბრიდან აფხაზეთში თავისი საქმიანობა მთლიანად შეწყვიტა, რასაც მისმა უწყებამ მყისიერად უპასუხა და მინისასტუმროებისა თუ სასტუმრო სახლების გაქირავება რომ არ ჩავარდნილიყო, მოლაპარაკებები “ოსტროვოკთან“ დაიწყო.

ბარციცის თქმით, „ოსტროვოკი“ რუსეთის ტერიტორიაზე სამუშაოდ შეიქმნა და თავიდან ვებგვერდზე აფხაზეთის სასტუმროები და აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეები ვერ რეგისტრირდებოდნენ. თუმცა „ოსტროვოკთან“ შეთანხმებით ვებგვერდს ახალი შესავსები ველები დაემატა, რამაც რეგისტრაცია და პლატფორმაზე აფხაზების წვდომა შესაძლებელი გახადა.

“ახლა ჩვენს სასტუმროებსა და მოქალაქეებს “ოსტროვოკზე” დარეგისტრირება უპრობლემოდ შეუძლიათ,“ - აცხადებს ბარციცი.

ონლაინ დაჯავშნის რუსული სერვისის პრეზენტაცია “ოსტროვოკის” წარმომადგენელმა, ნადეჟდა შჩენკოვამ გამართა, რომელმაც აფხაზებს დარეგისტრიების წესები აუხსნა. შჩენკოვას თქმით, ვებგვერდს აფხაზეთისთვის ფიზიკური პირის რეგისტრაციის ველი დაემატა. ის მოელის, რომ გაიზრდება იმ ობიექტების რიცხვი, რომლებიც ფიზიკურ პირებად არიან დარეგისტრირებული.

შჩენკოვას მონაცემებით, ამჟამად “ოსტროვოკს” მთელ მსოფლიოში 20 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ