"თქვენი ხმის ჩაწერასაც შეიძლება ემსახურებოდეს ეს ზარი" - სატელეფონო მუქარები ისევ აქტუალურია

უცხოეთიდან ან ქართული ნომრიდან შემომავალი მუქარის ზარები ისევ აქტუალურია. აღნიშნულთან დაკავშირებით, კიბერ სტრატეგიის კონსულტანტი, მკვლევარი ანდრო გოცირიძე იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც ზარზე პასუხმა, ან სმს ბმულზე გადასვლამ შეიძლება გამოიწვიოს.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს ინფორმაციად განიხილება ხმა, რომლის ჩაწერასაც შეიძლება ემსახურებოდეს ეს ზარი და შემდგომ, ამ ხმით ფეიკ შეთქმულების ორგანიზების საუბარი, ლანძღვა-გინების ან სექსუალური კონტენტის ფაბრიკაცია მოახდინონ, დისკრედიტაციის მიზნით.

"სამწუხაროდ, უცხოეთიდან ან ქართული ნომრიდან შემომავალი მუქარის ზარები ისევ აქტუალურია.

ეს არის ცნობილი spoofing-მეთოდი, როდესაც დამრეკი შესაბამისი ინფრასტრუქტურის (სოფტი, აპლიკაცია..) გამოყენებით ცვლის საკუთარ ნომერს ისე, რომ ადრესატი ხედავს სხვის ან საერთოდ არარსებულ ნომერს. იყენებენ ქოლცენტრები, ტელემარკეტერები. თავად მეთოდი შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაული არ იყოს ზოგ ქვეყანაში, მაგრამ მუქარა ყველგან დანაშაულია.

კარგი ის არის, რომ შემომავალი სატელეფონო ზარით ტელეფონში არსებული ინფრომაციის მოხსნის ალბათობა მინიმალურია. სრულიად იმიტომ არ გამოვრიცხავ, რომ კიბერში გამორიცხული არაფერია, თუმცა საყოფაცხოვრებო დონეზე ეს შეუძლებელია. "ერთხელ მერკელს სიაიეიმ დანიის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გავლით" შეიძლება, მაგრამ არა ჩვენ დონეზე.

ფრთხილად, ამგვარი ზარისას ინფორმაცია თქვენ არ უნდა გასცეთ: არ უპასუხოთ შეკითხვებს, არ მიაწოდოთ მონაცემები, არ გადარეკოთ უკან - არსებობს დიდი თანხების ჩამოჭრის საფრთხე. შესაბამისი ტექნიკური უზრუნველყოფით, შესაძლებელია, ადრესატის ადგილმდებარეობის განსაზღვრაც.

არ დაგავიწყდეთ, დღეს ინფორმაციად განიხილება ასევე თქვენი ხმა, რომლის ჩაწერასაც შეიძლება ემსახურებოდეს ეს ზარი და შემდგომ, ამ ხმით ფეიკ შეთქმულების ორგანიზების საუბარი, ლანძღვა-გინების ან სექსუალური კონტენტის ფაბრიკაცია მოახდინონ, დისკრედიტაციის მიზნით. საუკეთესოა, თუ არ უპასუხებთ ზარს, ან გინებაზე მაინც არ უპასუხებთ გინებით.

მნიშვნელოვანია და არ აგერიოთ: სატელეფონოსგან განსხვავებით, აპლიკაციაში (ვაიბერი, ვათსაპი, ცუმ ბაიშპილ.) განხორციელებული უცხო ზარები არ არის უსაფრთხო, ამ დროს ინფორმაციის მოპარვა ან ტელეფონის დავირუსება შესაძლებელია, ტექნოლოგიურად სხვა ზარია და ამიტომ. "ვათსაპში" ამგვარი შემთხვევები ცნობილია, ძალიან ცნობილიც კი, პეგასუსი, მაგალითად. ეს ხვრელი ამჟამად ამოქოლილია, მაგრამ რადგან ასეთი პრეცედენტი იყო, არ უპასუხოთ უცხო ზარს აპლიკაციებში.

ზარზე გაცილებით სახიფათოა სმს, ის შეიძლება შეიცავდეს მალვეარს, ვირუსს, მითუმეტეს, თუ ის გვთავაზობს ბმულზე გადასვლას, ან რაიმე ფაილის ჩამოტვირთვას - აქ მაღალია ალბათობა იმისა, რომ მოქმედების (ბმულზე გადასვლა, ჩამოტვირთვა, ფაილის გახსნა) განხორციელების შემთხვევაში დამნაშავემ წვდომა მიიღოს თქვენს ტელეფონში არსებულ ინფორმაციაზე, პაროლებზე, მიმოწერაზე და სხვა.

ზღაპრები, რომ ეს კამპანია, როგორც კიბერდანაშაული, რთული გამოსაძიებელია არის არადამაჯერებელი: ჯერ ერთი, კიბერში ყველა მოქმედება აისახება და მტკიცებულებების მოპოვება უფრო ადვილია, ვიდრე შერლოკ ჰოლმსის დროს - წვიმა ვერ შლის, ვინც შლის, ისიც კვალს ტოვებს, მოწმეს ვერ კლავ..., მეორეც, კიბერდანაშაულს მარტო კიბერსამხილებით არ ვიძიებთ: ძალიან სელექტიურია ის წრე, ვისაც ურეკავენ და ის წრეც, ვინც შეიძლება ურეკავდეს. თანაც, მუქარა ბევრ შემთხვევაში, ასრულდა",- წერს ანდრო გოცირიძე.

ნინი ქეთელაური