პირველად ევროკავშირში - ესტონეთმა რუსული აქტივების კონფისკაციის კანონი აამოქმედა

ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით რუსული აქტივების კონფისკაციას უშვებს. ამის შესახებ პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია.

ესტონეთის პარლამენტმა ეს კანონი მაისის შუა რიცხვებში მიიღო, რომელიც „აგრესიასთან პირდაპირ დაკავშირებული ან ხელშემწყობი“ რუსებისა და რუსული კომპანიების აქტივების კონფისკაციის საშუალებას იძლევა.

პრეზიდენტ კარისი ხაზგასმით აცხადებს, რომ ახალი კანონით მხოლოდ იმ პირთა ქონების კონფისკაცია მოხდება, “ვისი კავშირიც უკანონო ქმედებასთან ან მისი დახმარება გამოვლინდება და საკმარისად დადასტურდება,” ხოლო ევროკავშირის სანქციების შედეგად აქტივების გაყინვა საკმარისი საფუძველი არ არის მათი კონფისკაციისთვის.

პრეზიდენტი აღიარებს, რომ მართალია, მის მიერ ხელმოწერილი კანონი „გადაუჭრელ სამართლებრივ საკითხებს აჩენს,” მაგრამ ესტონეთის ხელისუფლებას „ასეთ ორაზროვან სიტუაციაში პოლიტიკური არჩევანის გაკეთება უნდა შეეძლოს.”

“იმის მიუხედავად, თუ რას ფიქრობს ვინმე ესტონეთის მიერ არჩეულ გადაწყვეტილებაზე, ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ უნდა ვიპოვოთ ეფექტური გზები, რათა გარანტირებულ იქნეს დაზარალებულთა უფლება, მიიღონ კომპენსაცია პასუხისმგებელი პირებისგან,“ - აცხადებს ალარ კარისი.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარგუს ცაჰკნამ ETV+-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ახალი ზომა საშუალებას იძლევა, უკრაინაში, დაახლოებით, 37 მლნ ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაიგზავნოს. მისი თქმით, საუბარია თანხაზე, რომელიც, მაგალითად, სანქციების ქვეშ მოხვედრილ სასუქების ტრანზიტს უკავშირდება.

„ესტონეთმა გადაწყვიტა, შევცვალოს კანონი, რომ ის რუსული, მათ შორის, რუსეთის ცენტრალური ბანკისა და რუსი ოლიგარქების გაყინული აქტივების გამოყენებასაც ითვალისწინებდეს,” - ამბობს მინისტრი.

ევროკომისიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ესტონეთის ახალ კანონს მხედველობაში იღებენ და ევროკავშირის, ასევე, G7-ის ზოგიერთი ქვეყანა “რუსული კერძო აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენების გზებს იკვლევს.” თუმცა პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ, თუ რომელ ქვეყნებს გულისხმობენ. ევროკომისიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ევროკავშირი მხოლოდ რუსეთის სუვერენული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების ამოღებით შემოიფარგლება.

ცნობისთვის: 23 მაისიდან ძალაში შევიდა ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომელიც ევროპულ დეპოზიტარებს ავალდებულებს, რუსეთის გაყინული სუვერენული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის 90% უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის ევროკავშირის ბიუჯეტში გადარიცხონ. ევროპული დეპოზიტარების ანგარიშებზე გაყინული რუსეთის სუვერენული აქტივებიდან მიღებული შემოსავალი წელიწადში, დაახლოებით, 3 მლრდ ევროს შეადგენს, რაც უკრაინის სამხედრო დახმარებასა და თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებას მოხმარდება. კერძოდ, დეპოზიტარები, რომლებიც მანამდე ამ შემოსავალს ცალკეულ ანგარიშებზე ინახავდნენ, 23 მაისიდან თანხას წელიწადში ორჯერ ევროკავშირის ბიუჯეტში უკრაინის მხარდასაჭერად გადარიცხავენ. გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის მთლიანი თანხა, ანუ 100% წლის ბოლომდე ევროკავშირში წელს შექმნილ „უკრაინის ფონდს“ გადაეცემა, საიდანაც კიევის სამხედრო დახმარება ფინანსდება. პირველი წინასწარი დაფინანსება 2 მლრდ ევროს ოდენობით ივლისში განხორციელდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ