„არ მჯერა, რომ ჩემ თავს ეს ხდება - ბოლო თვეში ორი დიდი ევროპული გარიგება ჩაგვივარდა, “თქვენ ევროპისკენ აღარ მიდიხართო”

„ბოლო თვეში ორი დიდი ევროპული გარიგება ჩაგვივარდა, იმ კომენტარით, რომ “თქვენ ევროპისკენ აღარ მიდიხართო,”- ამის შესახებ კომპანია RENTALS-ის დამფუძნებელი ზურაბ ერისთავი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ყოველ დილით ვიღვიძებ დამძიმებული გულით. არ მჯერა, რომ ეს ჩემს თავს ხდება. როგორ მოხდა ისე, რომ ჩემმა ქვეყანამ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ასე რადიკალურად შეიცვალა კურსი, მტრად გამოაცხადა ყველა ჩვენი პარტნიორი?! საფიქრალი გაგვიხდა GWP, რომელიც ადრე წყლის მომწოდებელი ცუდი კომპანია გვეგონა და თურმე “გლობალური ომის პარტია” ყოფილა. პორტის გასაღები ამერიკელ და ევროპელ ინვესტორებს კი არა, ჩინელებს მისცა. ტელევიზიაში ყოველდღიურად ვხვდებით სახეებს, რომლებიც უტიფრად გვიმტკიცებენ, რომ ევროპაში შევდივართ, მხოლოდ არა შოლცისა და მაკრონის ევროპაში, არამედ ადენაუერისა და დე გოლის ევროპაში.

იქნებ ეს არ იყოს ვინმესთვის დიდად მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ბოლო თვის განმავლობაში, მრავალი თვის ნალოლიავები, ორი დიდი ევროპული გარიგება ჩაგვივარდა, იმ კომენტარით, რომ “თქვენ ევროპისკენ აღარ მიდიხართო”. აქედან ერთ-ერთი მათგანი დამატებით 300 სამუშაო ადგილს ქმნიდა.

არაუშავს, ზუსტად ვიცი, რომ ამაზე რთული დროც გვქონია. ერთიანად, მხნედ და შემარათებით ამასაც დავძლევთ და იქეთ წავალთ, საითაც ჩვენ გვინდა, მით უმეტეს რომ ევრო-ამერიკულმა ზურგის ქარმა, როგორც იქნა, დაუბერა,“- წერს ერისთავი.