საბოლოო რეზოლუცია - ივლისიდან ევროკავშირში რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულისა და “ზეთოვნების” იმპორტი შეწყდება

ევროკავშირის საბჭომ მიიღო რეზოლუცია რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის იმპორტზე ამკრძალავი გადასახადების შემოღების შესახებ, რომელიც 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრესსამსახურის განცხადებაში წერია.

კერძოდ, „რეზოლუცია რუსეთიდან და ბელარუსიდან იმპორტირებულ მარცვლეულსა და ზეთოვან კულტურებზე, ასევე, მათ გადამუშავებულ პროდუქციაზე გადასახადებს იმდენად ზრდის, რომ ამ პროდუქტების იმპორტი, პრაქტიკულად, შეჩერდება.“

რეზოლუცია, ასევე, ტარიფებს რუსეთიდან და ბელარუსიდან ჭარხლის რბილობის გრანულებისა და ბარდის ჩირის იმპორტზე ზრდის.

ამასთან, არცერთ ამ პროდუქტს ევროკავშირის სატარიფო კვოტებზე წვდომა არ ექნება.

შემოღებული ზომები რუსეთში ან ბელარუსში წარმოებულ ან ამ ქვეყნებიდან პირდაპირ ან ირიბად ექსპორტზე გატანილ პროდუქციას ეხება. თუმცა ევროკავშირის საბჭო ხაზგასმით შენიშნავს, რომ რეზოლუცია რუსეთიდან და ბელარუსიდან ევროკავშირის გავლით მარცვლეულის მესამე ქვეყნებში ტრანზიტზე არ გავრცელდება.

ბელგიის ფინანსთა მინისტრი, ვინსენტ ვან პეტეგემი აცხადებს, რომ ახალი ტარიფები მიზნად ისახავს ევროკავშირის მარცვლეულის ბაზრის დესტაბილიზაციის თავიდან აცილებას, ასევე, არ დაუშვას ევროკავშირში ექსპორტიდან მიღებული შემოსავლის რუსეთის მიერ გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად.

ცნობისთვის: ევროკომისიამ რუსეთიდან და ბელარუსიდან იმპორტირებულ ხორბალზე, სიმინდზე, მზესუმზირის კულტურებსა და მათგან წარმოებულ პროდუქციაზე, ასევე, ცხოველის საკვებ პროდუქტებზე „ამკრძალავი გადასახადების“ შემოღება 22 მარტს დააინიცირა. მანამდე, რამდენიმე დღით ადრე Financial Times (FT) წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ გადასახადები ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესებით დაშვებულ მაქსიმალურ დონეზე დაწესდებოდა. კერძოდ, FT-ის წყარო აცხადებდა, რომ მარცვლეულის გადასახადმა შესაძლოა, ტონაზე 95 ევრო შეადგინოს, რაც ფასების, მინიმუმ, 50%-ით ზრდას გამოიწვევს და „მოთხოვნას გაანადგურებს.“

2023 წელს ევროკავშირში რუსეთიდან მარცვლეულის, ზეთის კულტურებისა და მათი გადამუშავებული პროდუქციის იმპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს, 4 მლნ ტონას მიაღწია, რაც ევროკავშირის მთლიანი მოხმარების 1%-ს შეადგენს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ