პირველად მსოფლიოში - ვირის რძისგან საკვები დანამატი საქართველოში დამზადდება

ვირის რძის მწარმოებელი კომპანია „სახე-დარი“ საკვები დანამატის წარმოებას გეგმავს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, თემურ ლომიძემ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, სიახლე შემოდგომაზე იქნება ხელმისაწვდომი.

„ბაქტერიოფაგში ვაშრობთ რძეს და ვიღებთ სახედარის რძის ფხვნილს და ვგეგმავ ამ ფხვნილის ტაბლეტებად დაბეჭდვას. ეს იქნება როგორც საკვები დანამატი და არა როგორც წამალი, რადგან წამლის ლიცენზიის მიღებას დიდი დრო სჭირდება. ეს იქნება იმუნიტეტის პირველი ასამაღლებელი საშუალება.

ძალიან ბევრგან მოვიკითხე და სახედრის რძის აბები მსოფლიოში არ არსებობს. იყიდება მხოლოდ ფხვნილის სახით.

ამ საქმეში რამდენიმე ექიმი და პროფესორია ჩართული. იმედი მაქვს, ბიზნესმენებსაც დავაინტერესებ და ვიმედოვნებ, სახელმწიფოც შეგვიწყობს ხელს“, - განაცხადა თემურ ლომიძემ.

ამ ეტაპზე უცნობია, რა ეღირება აღნიშნული საკვები დანამატი.

ეკა დარჩიაშვილი