„ვხედავთ დატბორილ ქუჩებს, იმის იქით დახარჯულ მილიონებს - წვიმა ვერ იქნება ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი“

უხვი ნალექი და თბილისის ქუჩების დატბორვა, განუყოფელი ნაწილი გახდა. სპეციალისტები ამის მიზეზად სანიაღვრე სისტემების გაუმართობასთან ერთად, ასფალტის საფარის ყველგან და უმიზნოდ გამოყენებასაც ასახელებენ. როგორც „ბიზნესპრენიუსთან“ ქალაქმგეგმარებელი სულ ცოტა ხნის წინ აღნიშნავდა, ზედაპირების ასფალტ-ბეტონით დაფარვის დროს, ნალექი გრუნტის წყლამდე აღარ იჟონება, შედეგად დაგროვილ წყალს კი სანიაღვრე სისტემები ვეღარ ატარებს.

სწორედ სანიაღვრე სისტემების გაუმართაობაზე საუბრობს სამოქალაქო მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს“ დამფუძნებელი გიორგი ჯაფარიძეც.

როგორც ის „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ხშირ შემთხვევაში, ქსელი გაჭედილია, მისი გაწმენდა კი ადამიანური რესურსის ნაკლებობის გამო ვერ ხდება.

„სანიაღვრე სისტემის ქსელი უნდა გაიმართოს და იწმინდებოდეს სისტემატურად, რაც არ კეთდება. ხშირ შემთხვევაში, ქსელი არის გაჭედილი, მანამდე სანამ წვიმა მოდის. ზუსტად ეს იწვევს მერე ქუჩების დატბორვას. როცა სანიაღვრე ვერ ატარებს წყლის ნაკადს, მერე მოდის გზებზე. ძველი გზების შემთხვევაში, როცა უხვი ნალექია, შეიძლება სადღაც მოხდეს დატბორვა, მაგრამ ახალი ქუჩების რეაბილიტაციაზე რომ იხარჯება თანხა, აქ სანიაღვრეებზეც ხომ არის გათვლილი ხარჯები?!

როდესაც ვამბობთ, რომ სანიაღვრეები უნდა იწმინდებოდეს ეს არ ეხება მხოლოდ ცენტრალურ გზებს, საუბარია, მეორეხარისხოვან გზებზეც. როცა ქსელი თავიდან ბოლომდე იქნება გამართული, მინიმუმამდე შემცირდება ის რისკები, რაც თუნდაც, გუშინ ვიხილეთ. სანიაღვრე სისტემის არსი არის ის, რომ მიწისზედა წყალი ჩავიდეს მიწისქვეშ და შემდეგ მტკვარში. ჩვენ გაქვს ამის რესურსი ბუნებრივად, ქალაქი ასეა განაშენიანებული, შუაში მტკვარი მოდის, იდეალური ვარიანტია ბევრი სანიაღვრე გაკეთდეს და შემდეგ მტკვარში ჩაედინოს. ძალიან ბევრი სანიაღვრე არის დაკეტილი, ამოვსებული. ამას სჭირდება შესაბამისი ექსპერტიზა, რომ რეალურად გავიგოთ, რაში მდგომარეობს მთავარი პრობლემა. ჩვენ ვხედავთ დატბორილ ქუჩებს, იმის იქით დახარჯულ მილიონებს... წვიმა ვერ იქნება ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი. თუ სანიაღვრეები არ არის საკმარისი, უნდა დაამატონ, ფართო მილებზე მაქვს საუბარი. სხვანაირად, ჩვენ უკვე ძალიან ცუდი გამოცდილება გვაქვს, როდესაც მოდის უხვი ნალექი, იტბორება ქალაქი და სისტემატური სახე ეძლევა ამ ყველაფერს. ვიდეო დადეს, რომ თითქოს, რაღაც ეფარებაო (სანიაღვრეს), კი, შეიძლება, რაღაც ეფარებოდეს, მაგრამ სინამდვილეში, მილების სისქე, მისი გამტარობა, დახრა, ბევრი ნიუანსია შესასწავლი, იმიტომ, რომ მიწისქვეშ რა და როგორ არის გაკეთებული, ჩვენ ამას ვერ ვნახავთ. ფაქტია, ეს არის პრობლემა, ფაქტია, რომ ამაზე ვიღაცამ უნდა იმუშაოს.

დამატებით, რაც შემიძლია გითხრათ, არა მხოლოდ ცენტრალურ გზებზე, მეორეხარისხოვანზე, ეზოებში, სანიაღვრეები ვერ იწმინდება ადამიანური რესურსის ნაკლებობის გამო თბილისის მერიაში. ეს არის დასამატებელი“,- ამბობს გიორგი ჯაფარიძე.

ნინი ქეთელაური