უცხოელი ტურისტებისთვის სავალდებულო დაზღვევა გადავადდა

საქართველოში უცხოელი ტურისტებისთვის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა, რომელიც 2024 წლის 1-ლი ივნისიდან უნდა ამოქმედებულიყო, გადავადდა. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განუცხადეს, „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით გათვალისწინებული საქართველოში შემომსვლელი ტურისტებისთვის სავალდებულო სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ქონის ვალდებულება 2026 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.

ცნობისთვის, საქართველოში შემოსული ტურისტებისთვის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის ქონის ვალდებულებას ტურიზმის შესახებ კანონი ითვალისწინებს. ამ კანონის მიხედვით, მთავრობამ 2024 წლის 1-ელ ივნისამდე უნდა მიიღოს „საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ დადგენილება. თუმცა ამ დროისთვის ცნობილია, რომ უცხოელს საქართველოში შემოსასვლელად სავალდებულო დაზღვევის ქონა 2026 წლის 1-ელ იანვრამდე კიდევ არ დასჭირდება.

ცნობისათვის, სამოგზაურო დაზღვევა თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს და ფარავს ისეთ ხარჯებს, რომლებიც მოგზაურობისას ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესებით არის გამოწვეული.