დამატებითი ტვირთების გარეშე, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მომგებიანობა დაბალი იქნება - პაატა ცაგარეიშვილი

აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალი - ბაქო-თბილისი-ყარსი - რეკონსტრუქციის შემდეგ 2024 წლის 20 მაისს თითქმის სრული დატვირთვით გაიხსნა. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რამდენად მომგებიანია ფინანსური თვალსაზრისით აღნიშნული რკინიგზა საქართველოსთვის.

როგორც „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი, პაატა ცაგარეიშვილი მიიჩნევს, თუ აღნიშნული რკინიგზა არსებული ფორმით გააგრძელებს ფუნქციონირებას, მისი სარგებელი იმაზე ნაკლები იქნება, ვიდრე ქვეყანას შეუძლია მიიღოს. კერძოდ, მისი თქმით, რკინიგზას წელიწადში 2 მილიონი ტვირთის გადაზიდვა შეუძლია, მაშინ, როცა გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 200-250 ათასი ტონის ფარგლებში იყო. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსალოდნელი ტვირთების მხოლოდ 10% გატარდა. ცაგარეიშვილის თქმით, მონაცემები აჩვენებს, რომ ინფრასტრუქტურის მოწყობაზე დაიხარჯა დიდი თანხები, უკუგება კი დაბალ ნიშნულზეა.

„ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა 20 მაისს გაიხსნა, მაგრამ რატომღაც საზეიმო გახსნის ცერემონია ოფიციალურად არ გვინახავს. ეს რკინიგზა სატესტო რეჟიმში მუშაობდა და არსებულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, იმის შესახებ თუ რა ტვირთის მოცულობის გატარების შესაძლებლობა ჰქონდა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას, ეს ციფრი არის 2 მილიონი ტონა წელიწადში, მაგრამ რეალურად გატარდა დაახლოებით 200-250 ათასი ტონა, ანუ 10%-ით იყო დატვირთული ეს რკინიგზა. როდესაც შენ ინფრასტრუქტურას იყენებ დაბალი უკუგებით, ბუნებრივია, ის არის არაეფექტიანად გამოყენებული ძირითადი ტექნიკური საშუალება“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელს ვესაუბრეთ გამოსავალთან დაკავშირებითაც. როგორც ცაგარეიშვილი აღნიშნავს, უპირველეს ყოვლისა, უნდა განხორციელდეს დამატებითი ტვირთების მოზიდვა მეზობელი ქვეყნებიდან იმისთვის, რომ გაიზარდოს ტვირთების მოცულობა. მანვე დასძინა, რომ დამატებითი ტვირთების მოზიდვამდე რკინიგზით ტვირთების გატარება საქართველოსთვის არაეფექტური იქნება.

„თუ არ მოხდა დამატებითი ტვირთების მოზიდვა, პირველ რიგში, ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან და ამავე დროს თურქეთიდან და აზიის მიმართულებიდან, მომგებიანობა დაბალი იქნება. ჯერჯერობით არ ჩანს ეს ტვირთები. აქ სახელმწიფო დახმარებაც არის საჭირო, რათა წინასწარი მოლაპარაკებები გამართოს მან მხარეებთან და ჩართონ ჩვენი საელჩოებიც. ეს წინაპირობა ჯერჯერობით არ ჩანს, არ იკვეთება გარემოება, რომ მივიზიდავთ დამატებით ტვირთს. ვიდრე ეს ტვირთი არ იქნება მოძიებული, აბსოლუტურად არაეფექტიანი იქნება ამ გადაზიდვის განხორციელება“, - განაცხადა პაატა ცაგარეიშვილმა.

შეგახსენებთ, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა 20 მაისს გაიხსნა. აღნიშნული რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში 98 კმ სიგრძის ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა აშენდა, საიდანაც 68 კმ თურქეთის, 30 კმ კი საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ამასთან, პროექტის ფარგლებში ახალქალაქი-თბილისის 183-კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა. მაგისტრალის ქართულ ნაწილზე სამუშაოები აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც 775 მლნ დოლარის ოდენობით საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი მისცა.

გასულ წლის გაზაფხულზე მოდერნიზაციის გამო, აღნიშნული რკინიგზის მაგისტრალზე მოძრაობა შეწყდა. მოდერნიზაციის შემდეგ ტვირთების გადაზიდვის მოცულობის ხუთჯერ ზრდაა მოსალოდნელი. ამასთან, ვარაუდობენ, რომ პირველ ეტაპზე ტვირთბრუნვა წელიწადში 6,5 მილიონ ტონას, მგზავრთა მოცულობა კი მილიონამდე ადამიანს მიაღწევს.

მერი ტაბატაძე