“იძულებითი მუშაობა გადარჩენისთვის“- როგორ იყენებენ სუნამოების მწარმოებელი ბრენდები ბავშვთა შრომას ინდუსტრიაში

BBC-ის გამოძიებამ პარფიუმერული ინდუსტრიის მიწოდების ჯაჭვებზე დაადგინა, რომ ინგრედიენტები, რომლებიც მომწოდებლებმა მსხვილი კოსმეტიკური კომპანიების Lancôme და Aerin Beauty-სთვის გასულ ზაფხულს გამოიყენეს, არასრულწლოვანმა ბავშვებმა შეაგროვეს.

თუმცა ყველა ძვირად ღირებული პარფიუმერიის ბრენდი აცხადებს, რომ ისინი მკაცრად ემიჯნებიან მცირეწლოვანთა ექსპლუატაციას. L'Oréal-მა, რომელიც ფლობს Lancôme-ს, განაცხადა, რომ იგი პატივს სცემს ადამიანის უფლებებს. Estée Lauder-ში კი, რომელიც ფლობს Aerin Beauty-ს, ამბობენ, რომ აუცილებლად დაუკავშირდებიან მის მომწოდებლებს და პროცესს დააკვირდებიან.

ჟასმინი, რომელიც Lancôme Idôle L'Intense-სა და Aerin Beauty-ის Ikat Jasmine და Limone Di Sicilia სუნამოებში გამოიყენება, გროვდება ეგვიპტეში, სადაც სუნამოების ძირითადი ინგრედიენტის, ჟასმინის ყვავილების მსოფლიო მარაგის ნახევარია.

როგორც BBC წყაროზე დაყრდნობით წერს, რამდენიმე კომპანია, რომლებიც ფლობენ ბევრ ბრენდს, ხარჯების შემცირების მიზნით, ძალიან დაბალ ხელფასს გასცემს. ამის გამო ეგვიპტელი ჟასმინის მკრეფავები, იძულებულები არიან სამუშაოში მათი შვილები ჩართონ.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ აუდიტის სისტემებში, რომელსაც სუნამოების ინდუსტრია იყენებს მიწოდების ჯაჭვების შესამოწმებლად, სერიოზული ხარვეზებია.

გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა “მონობის თანამედროვე ფორმებზე“, ტომოია ობოკატამ თქვა, რომ იგი ღრმად არის შეშფოთებული BBC-ს მიერ შეგროვებული მტკიცებულებებით, განსაკუთრებით ეგვიპტური ჟასმინის მინდვრებში გადაღებული ფარული კადრებით.

მაგალითად, ჰება, რომელიც ეგვიპტეში, ღარბიას რეგიონის სოფელში ცხოვრობს, ოჯახს 03:00 საათზე აღვიძებს და ყვავილებს მზის ამოსვლამდე კრეფენ, რომ სიცხემ არ დააზიანოს ისინი. მას ოთხი, 5-დან 15 წლამდე შვილი ჰყავს. ჟასმინის მკრეფთა უმეტესობის მსგავსად, ის მცირე ფერმაში, „დამოუკიდებელ მკრეფავად“ მუშაობს. რაც უფრო მეტ ყვავილს შეაგროვებენ ის და მისი შვილები, მით მეტს გამოიმუშავებენ.

“იმ ღამეს, როცა ისინი გადავიღეთ, ჰებამ და ბავშვებმა 1,5 კგ ჟასმინის ყვავილის შეგროვება მოახერხეს. მას შემდეგ, რაც მან თავისი შემოსავლის მესამედი მიწის მფლობელ მისცა, ერთ ღამეში დაახლოებით 1,50 დოლარი დარჩა. ეს ძალიან ცოტაა, იმის გათვალისწინებით, რომ ეგვიპტეში ინფლაცია რეკორდულ დონეზეა და ამომრჩევლები ხშირად ცხოვრობენ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ.“- წერს გამოცემა.

“ჰება ბასმალას 10 წლის ქალიშვილს თვალის სერიოზული ალერგიული დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. სამედიცინო კონსულტაციაზე, რომელსაც ჩვენ დავესწარით, ექიმმა გააფრთხილა, რომ თუ იგი გააგრძელებს ჟასმინის შეგროვებას მკურნალობის გარეშე, ეს გავლენას მოახდენს მის მხედველობაზე.“- წერს BBC.

მას შემდეგ, რაც ჟასმინი მოიკრიფება და იწონება, იგზავნება ერთ-ერთ ადგილობრივ ქარხანაში, სადაც ყვავილებისგან ზეთს გამოხდიან. ამაზე სამი ძირითადი ადგილობრივი ქარხანა A Fakhry and Co, Hashem Brothers და Machalico მუშაობს. სწორედ ქარხნები ადგენენ ყოველწლიურად ჟასმინის ფასს, რომელსაც ჰებეს მსგავსი ადამიანები აგროვებენ.

ძნელი სათქმელია ეგვიპტის ჟასმინის ინდუსტრიაში დასაქმებულ 30 000 ადამიანს შორის რამდენია ბავშვი, მაგრამ 2023 წლის ზაფხულში, BBC რეგიონში ბევრ ადგილობრივს ესაუბრა, რომლებიც ამბობდნენ, რომ ჟასმინის დაბალი ფასი მათ აიძულებდა, თავიანთი შვილები დაესაქმებინათ.

“ჩვენ დავაკვირდით, რომ მკრეფავთა ძირითადი ნაწილი, რომლებიც მუშაობდნენ მცირე ფერმებში, იყვნენ 15 წლამდე ასაკის ბავშვები.

არაერთმა წყარომ ასევე გვითხრა, რომ ბავშვები მუშაობდნენ ფერმებში, რომლებიც უშუალოდ Machalico-ს ქარხანას ეკუთვნის.“- წერს წყარო და იქვე დასძენს, რომ ეგვიპტის კანონი 15 წლამდე პირებს მუშაობას 19:00 საათიდან 07:00 საათამდე კრძალავს.

ქარხნები ჟასმინის ზეთს აგზავნიან საერთაშორისო პარფიუმერულ სახლებში, სადაც იქმნება სუნამოები. ერთ-ერთი ასეთი ყველაზე დიდი სახლი არის შვეიცარიაში დაფუძნებული Givaudan, რომელსაც დიდი ხნის ურთიერთობა აქვს A Fakhry and Co-სთან.

მაგრამ, როგორც დამოუკიდებელი პარფიუმერი კრისტოფ ლაუდამიელი და რამდენიმე სხვა ინსაიდერი განმარტავენ, პარფიუმერიის დიდი კომპანიები, პროცესს ვერ მართავენ.

„პრაქტიკაში, ისინი არ ადგენენ მკრეფავების ხელფასს ან ჟასმინის რეალურ ფასს“, - განმარტავს ის.

Givaudan-ის პარფიუმერული სახლის ერთ-ერთი მენეჯერის თქმით, პრობლემა პარფიუმერული კომპანიების ზედამხედველობის ნაკლებობაა მიწოდების ჯაჭვის ყველა ეტაპზე.

აუდიტორული ფირმები, რომლებსაც კონგლომერატები და პარფიუმერული სახლები ყველაზე ხშირად ახსენებენ არის Sedex და UEBT. BBC-მ მოახერხა და ანგარიშები მოიპოვა.

“გასულ წელს, ქარხანაში ვიზიტის შემდეგ UEBT-ის ანგარიშმა აღმოაჩინა ადამიანის უფლებების დარღვევის ნიშნები, მაგრამ დეტალები არ მოგვაწოდა. იგი აღნიშნავს, რომ კომპანიას სჭირდება „აუდიტი“.

UEBT-მა კი განაცხადა, რომ „ერთი კომპანია კვალიფიცირებულია როგორც პასუხისმგებელი მიმწოდებელი, რომელმაც გარკვეული სამუშაოები უნდა გაწიოს... თუ ეს შეუსაბამობები 2024 წლის შუა რიცხვებამდე არ გასწორდება, აღნიშნულ კომპანიას კვალიფიკაცია ჩამოერთმევა“- წერს გამოცემა.

Sedex-ის ანგარიშიდან ირკვევა რომ აუდიტორების ვიზიტი წინასწარ იყო გამოცხადებული, მათ მხოლოდ ქარხანა დაათვალიერეს და არა მცირე ფერმები.

Fakhry and Co-მ განუცხადა BBC-ს, რომ ბავშვთა შრომა აკრძალულია როგორც ფერმაში, ასევე ქარხანაში, მაგრამ ისინი ყიდულობენ თავიანთი ჟასმინის აბსოლუტურ უმრავლესობას დამოუკიდებელი მკრეფებისგან.

რაც შეეხება სუნამოს მწარმოებელ კომპანიებს, პარფიუმერულმა სახლმა Givaudan-მა, რომელიც აწარმოებს Lancôme Idôle L'Intense-ს, BBC-ს განუცხადა რომ აღნიშნული გამოძიების შედეგებით შეშფოთებულები არიან.

L'Oréal-ის განცხადებით, კომპანია „მტკიცედ არის მოწოდებული დაიცვას ადამიანის უფლებათა საერთაშორისოდ აღიარებული უმაღლესი სტანდარტები.“ როგორც მათ განცხადებაში წერია, ბრენდი “არასოდეს სთხოვს პარფიუმერულ სახლებს ფერმერების ხარჯზე ინგრედიენტების ფასები შეამცირონ საბაზრო ფასებზე ქვემოთ.“

Estée Lauder-ის პოზიცია კი შემდეგნაირად ჟღერს: „ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ბავშვის უფლებები დაცული უნდა იყოს. დავუკავშირდით ჩვენს მომწოდებლებს ამ ძალიან სერიოზული საკითხის გამოსაძიებლად. ჩვენ ვაღიარებთ რთულ სოციალურ-ეკონომიკურ გარემოს, რომელშიც ფუნქციონირებს ადგილობრივი ჟასმინის მიწოდების ჯაჭვი და ვიღებთ ზომებს მეტი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად და იმ თემების საარსებო საშუალებების გასაუმჯობესებლად, რომლებიც გვამარაგებენ ნედლეულს.“

“ჟასმინის მკრეფავი ჰებე შოკირებული იყო, როდესაც ვუთხარით, რამდენად იყიდება სუნამო საერთაშორისო ბაზარზე.“- წერს BBC და ჰებეს ემოციებსაც გვიზიარებს: “- მე არ ვარ წინააღმდეგი, რომ ადამიანებმა სუნამოები გამოიყენონ, მაგრამ მინდა, ვინც ამ სუნამოს იყენებს, მასში ბავშვობის ტანჯვა დაინახოს და ხალხმა ისაუბროს ამაზე“.

თუმცა ადვოკატ სარა დადუშის თქმით, პასუხისმგებლობა მხოლოდ მომხმარებელს ვერ დაეკისრება. პრობლემა კანონმა უნდა გადაჭრას.

წყარო: bbc.com

თეონა რამაზაშვილი