მეწყერსაშიში ზონები თბილისში: უბნები, სადაც სტიქიის რეალური საფრთხეები არსებობს

13 ივნისს, თბილისში მომხდარმა წყალდიდობამ ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა. არსებობს თუ არა საფრთხე, მოხდეს წყალდიდობა, არსებობს თუ არა თბილისში მეწყერსაშიში ზონები და რამდენად ვართ მისგან დაცულები. ამ კითხვებზე კომენტარი გეომორფოლოგ მერაბ გონგაძეს ვთხოვეთ:

- მეწყერსაშიში ზონებია მთაწმინდის ფერდობები, რომელიც ვაკისკენ, მთაწმინდის რაიონისკენ და სოლოლაკისკენ ჩამოდის, ასევე მეწყერსაშიში ზონაა მახათას მთისკენაც, ლოტკინის მხარეს და ასევე, გლდანისკენ, სარაჯიშვილის მეტროს რომ გაცდებით (იქ, სადაც ძველი გამგეობაა) მთელი ფერდობი მოძრავი ფენებისაგან შედგება. გლდანის მეშვიდე მკრ-ს ზევით არის ახალი სასაფლაო, რომელიც ასევე მეწყერსაშიში ზონაა და თუ გახსოვთ, დაახლოებით 3 წლის წინ, თითქმის მთელი სასაფლაო წაიღო. მეწყერსაშიში ზონაა მუხათგვერდისკენ არსებული ფერდობებიც, რომელიც სულ იმეწყრება. ესაა ზოგადი სურათი და უშუალოდ ამ კონკრეტულ მომენტში იქ რა მდგომარეობაა, ამას კვლევები სჭირდება.

- წყალდიდობის საფრთხეები რამდენად არსებობს თბილისში?

- მაგალითად, 1972 წელს ისე ადიდდა მტკვარი, რომ გადმოვიდა და რამდენიმე მანქანა წაიღო კიდეც. ეს ყველაფერი დამოკიდებულია წვიმაზე. თუ ნალექი მოდის 1 საათში 30მმ-ზე მეტი, ის უკვე ითვლება კატასტროფულად. 2012 წელს ორთაჭალაში რომ მოხდა წყალდიდობა, მაშინ მოვიდა საათში 60მმ ნალექი, წვიმა გრძელდებოდა 3 საათს, ანუ სამ საათში 180მმ, რამაც გამოიწვია ასეთი ცუდი შედეგი. გუშინწინდელი წყალდიდობის დროს, აქ გაცილებით დიდი იყო ნალექის რაოდენობა, თან ამას დაუმატეთ ისიც, რომ მდინარე ვერეს აქვს ძალიან დიდი წყალშემკრები აუზი და ამ აუზში შემავალმა წყლებმაც დაიწყეს მატება, წვიმდა 4 საათის განმავლობაში და წამოვიდა წყლის უზარმაზარი მასა. მდინარე ვერეს ხეობა არის ვიწრო, არ ხდება გაშლა, ამიტომაც მოდიოდა დიდი სისწრაფით და დიდი რაოდენობით, თამარაშვილის ქუჩაზე არსებულმა გვირაბმა ვეღარ გაატარა წყალი, გადმოვიდა ზევიდან და მოხდა ის, რაც მოხდა.

- ამ ყველაფრის პრევენცია თუ არსებობს?

- თბილისში არსებული ჩვენი მეტეო-სადგური მუდმივად აწარმოებდა დაკვირვებებს და არსებობს ამის მონაცემებიც, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევდა ამ მონაცემებს. მეტსაც გეტყვით, როდესაც ვაკე-საბურთალოს გზის მშენებლობა დაიწყეს, საერთოდ ფეხებზე დაიკიდეს ყველანაირი მონაცემი. წარმოიდგინეთ, 2 მილი ჩააგდეს და იქ მოათავსეს ამხელა მდინარე (თამარაშვილის ქუჩიდან გმირთა მოედნამდე), ეს იყო დაუშვებელი. უნდა გაკეთებულიყო ძალიან დიდი კოლექტორი, რომ წყალს თავისუფლად ემოძრავა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ძველი კოლექტორიც, რომელიც გმირთა მოედნის ქვეშაა (1935 წელს აშენებული), ისიც ამოტენილი იქნება, რადგან კოლექტორი გაწმენდას საჭიროებს და მეეჭვება, ვინმეს ის გაეწმინდოს. რაც შეეხება მეწყერის პრევენციას, როდესაც უკვე დაძრულია, მისი შეჩერება ძალიან ძნელია, მაგრამ მეწყერსაშიში ფერდობების გამაგრება შესაძლებელია. თუმცა აუცილებელია ასეთი ფერდობების დაფიქსირება და მუდმივი კონტროლი. გარემოს დაცვის გეოლოგიური სამსახური ამ თემაზე მუშაობს და აქვს უამრავი მასალა, თუმცა მთავარი ამ მასალის გამოყენებაა.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE