ხევსურეთში რუსული ჭურვის შედეგად დაზიანებული კოშკის აღდგენის ქართულმა პროექტმა მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების ჯილდო მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ფონდი ავრცელებს.
მათივე ცნობით, „ევროპა ნოსტრას“ ერთ-ერთი გამარჯვებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის - ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციაა, რომელიც დასავლელი პარტნიორების დაფინანსებით გახდა შესაძლებელი და ამასთან, "ქართველი და ევროპელი პროფესიონალებისა და ახალგაზრდა მოხალისეების ერთობლივი მუშაობის შედეგია".
„ევროპა ნოსტრას“ ჯილდო პროექტის ავტორს, საქართველოს ეროვნულ ფონდს გადაეცემა კატეგორიაში ‘მოქალაქეთა ჩართულობა და ცნობიერების ამაღლება’ გამარჯვებისთვის, ევროპის 6 სხვა ქვეყანასთან. გამარჯვებულთა შორისაა პროექტები ბელგიიდან, იტალიიდან, ჰოლანდიიდან, ფინეთიდან, საფრანგეთიდან, ხორვატიიდან და საქართველოდან",- ნათქვამია განცხადებაში.
ევროპა ნოსტრას“ ჟიურის შეფასებით: "აღნიშნული პროექტი „მემკვიდრეობის დაცვის სფეროში ყოვლისმომცველი მიდგომის სრულყოფილ ნიმუშად გვევლინება. ეს მიდგომა გულისხმობს ძეგლის რესტავრაციის პროცესს, თემის ჩართულობას, საერთაშორისო თანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებას... პროექტმა წვლილი შეიტანა საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში, მშვიდობისა და ურთიერთნდობის ხელშეწყობაში, და შექმნა ერთობა - მემკვიდრეობისათვის“.
ეროვნული ფონდის ინფორმაციით, ძეგლის რეაბილიტაციაზე, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, საქართველოში 420 000 ლარი დაიხარჯა, საიდანაც, დაახლოებით 90 000 ლარი პროექტში ჩართულ ადგილობრივ თემს მოხმარდა.
„პროექტი „მოქალაქეთა მიერ ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაცია“ საქართველოში 2021-2023 წლებში განხორციელდა ეროვნული ფონდების საერთაშორისო ორგანიზაციასთან (International National Trusts Organisation, დიდი ბრიტანეთი), “რამპართან” (REMPART, საფრანგეთი) და ასოციაცია სიდლეცინის კოშკის (‘Ducal Tower in Siedlecin’, პოლონეთი) - მჭიდრო თანამშრომლობით. პროექტი დააფინანსებულია საერთაშორისო ფონდ “ალიფის” (ALIPH Foundation) მიერ.
ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაცის პროექტი „ევროპა ნოსტრას“ კონკურსის კიდევ ერთ - „საზოგადოების არჩევანის“ - კატეგორიაშიც მონაწილეობს, რომელიც ევროპის მასშტაბით, ონლაინ ხმის მიცემით მიმდინარეობს. ხმის მისაცემად, შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://vote.europanostra.org.
ევროპა ნოსტრა“ ევროპის ყველაზე მასშტაბური და წარმომადგენლობითი ორგანიზაციაა მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში, 60-წლიანი ისტორიით. ის 1963 წელს დაარსდა პარიზში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით; აერთიანებს 40-ზე მეტ ქვეყანას და აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირთან, ევროპის საბჭოსთან, იუნესკოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან",- ნათქვამია განცხადებაში.