ყაზახეთი წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით 1,5 მლნ ტონა ნავთობს გადაქაჩავს

ყაზახეთის მაგისტრალური ნავთობსადენის ეროვნული ოპერატორი, “ყაზტრანსოილი” წელს აქტაუს პორტიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით ექსპორტისთვის 1,5 მლნ ტონა ნავთობს გაგზავნის.

ინფორმაციას სააგენტო, Trend “ყაზტრანსოილის” წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აქტაუს პორტიდან ბაქოს მიმართულებით უკვე 355 ათასი ტონა ნავთობი გაიგზავნა.

2023 წლის შედეგებით, აქტაუს პორტში “ყაზტრანსოილის” სიმძლავრეების გამოყენებით ტანკერებში ნავთობჩატვირთვამ 3,376 მლნ ტონა შეადგინა. მათ შორის 1,057 მლნ ტონა ბთჯ-ის მიმართულებით გაიგზავნა. მთლიანობაში 2023 წელს ყაზახეთმა ბთჯ-ის მილსადენით 1,392 მლნ ტონა ნავთობი გადაიტანა, რაც, 2022 წელთან შედარებით, 5,5-ჯერ მეტია.

ცნობისთვის: აზერბაიჯანში 11-12 მარტს ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ თოყაევის ვიზიტის დროს “ყაზმუნაიგაზმა” და SOCAR-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ბთჯ-ის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობის გაზრდის შესახებ, რამაც წელიწადში 2,2 მლნ ტონას უნდა მიაღწიოს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ