მაიკლ მაკფოლი - ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, სურთ იყვნენ დემოკრატიული, თუ ავტოკრატიული სამყაროს ნაწილი

ჩინეთი აშკარად არის ავტოკრატიული ბლოკის ლიდერი - ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, სურთ იყვნენ დემოკრატიული, თუ ავტოკრატიული სამყაროს ნაწილი, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა, მაიკლ მაკფოლმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან განაცხადა.

მაიკლ მაკფოლის განცხადებით, ჩინურმა ინვესტიციებმა, „სამიზნე ქვეყნის ავტოკრატიული სამყაროს ორბიტაზე მოქცევა შეიძლება გამოიწვიოს“.

„ჩინეთს აქვს ძალიან ექსპანსიური საგარეო ეკონომიკური პოლიტიკა მთელ მსოფლიოში, რომელმაც გარკვეულ წარმატებას მიაღწია. სამიზნე ქვეყნებისთვის ზოგიერთი ინვესტიცია შეიძლება მომგებიანი იყო, მაგრამ ამან ასევე შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული იძულება, - ამან შეიძლება გამოიწვიოს სამიზნე ქვეყნის ავტოკრატიული სამყაროს ორბიტაზე მოქცევა. დღეს დიდ ძალებს შორის კონკურენციის მომენტში ვიმყოფებით, სადაც ჩემი აზრით, ტრაგიკულად, მაგრამ ეს ასეა, ახლა ხდება დემოკრატიული ბლოკისა და ავტოკრატიული ბლოკის რეფორმირება. ჩინეთი კი აშკარად არის ავტოკრატიული ბლოკის ლიდერი. ასე რომ, ისევ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, სურთ იყვნენ დემოკრატიული, თუ ავტოკრატიული სამყაროს ნაწილი“, - ამბობს მაკფოლი.

მაიკლ მაკფოლი მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ, საბოლოოდ მიღებული ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ კანონი, ავტოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯია.

„ეს კანონი არის ნაბიჯი ავტოკრატიისკენ. იმედი მაქვს, ეს შეიძლება იყოს ქართველი პარლამენტარებისთვის გამოსაფხიზლებელი ნიშანი იმისთვის, რომ ცოტა უფრო სერიოზულად შეხედონ იმას, რასაც აკეთებენ და გააცნობიერონ, რომ არ შეიძლება, ერთი ფეხი ავტოკრატიულ სამყაროში, მეორე კი დემოკრატიულ სამყაროში გქონდეს“, - აცხადებს მაკფოლი.