საქართველოში ხელნაკეთი საპნები ევროპაში გავა ექსპორტზე - „ბებო კარლა“ პირველ მაღაზიას ხსნის

ხელნაკეთი საპნების კომპანია „ბებო კარლა“ გაფართოებას გეგმავს, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ბებო კარლას“ დამფუძნებელმა ნინო ჯანიაშვილმა განუცხადა.

კომპანია რამდენიმე დღეში პირველ მაღაზიას ხსნის. როგორც ჯანიაშვილი გვიყვება, პირველი მაღაზია რუსთავში გაიხსნება. „ბებო კარლა“ თავის სივრცის ნაწილს რუსთაველი მეწარმეების ხელნაკეთობებს დაუთმობს.

„რამდენიმე დღეში ვაპირებ მაღაზიის გახსნას რუსთავში, აქამდე ჩემი ბიზნესი ძირითადად ონლაინ იყო. იმის გამო, რომ ძირითადი მომხმარებლები რუსთავში მყავს, პირველი მაღაზია გაიხსნება აქ, სახელწოდება იგივე იქნება - „ბებო კარლას“ საპონი. ვაკეთებ მასტერკლასებს ბავშვებისთვის. სამაღაზიო სივრცე სადაც იქნება, იმის გვერდით მოეწყობა მასტერკლასებისთვის ადგილი. ეს ფართი დაეთმობა რუსთაველი ხელოვანების მასტერკლასებსაც და მაღაზიაშიც განთავსებული იქნება რუსთაველი მეწარმეების ხელნაკეთი აქსესუარებიც“, - განაცხადა ნინო ჯანიაშვილმა.

მანვე ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ „ბებო კარლა“ ექსპორტზე გასვლას გეგმავს და ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. ჯანიაშვილის თქმით, პროდუქციის საზღვრებს გარეთ გასვლისას პრიორიტეტი ევროპის ქვეყნებს მიენიჭება.

„ექსპორტზე გასვლას ვგეგმავ, მოსაგვარებელი მაქვს დეტალები, იმ ქვეყნის კანონმდებლობას უნდა შევუსაბამოთ სტანდარტები. კონკრეტულ გეგმებზე ჯერ არ ვისაუბრებ წინასწარ, მაგრამ პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, ევროპას ენიჭება“, - აღნიშნა ჯანიაშვილმა.

ცნობისთვის, „ბებო კარლა“ ამ ეტაპზე 50-ზე მეტი სახეობის ხელნაკეთ საპნებს აწარმოებს. ძირითადი ინგრედიენტი ლოკოკინის ლორწოა, რომელსაც ნინო ჯანიაშვილი თავად ამუშავებს. რესპონდენტი გვიყვება, რომ მუდმივად არის ინტერესი კომპანიის სახელთან დაკავშირებით, ჩვენთან საუბარში ის აანონსებს, რომ მუშაობს საბავშვო წიგნზე და მისი გამოსვლის შემდეგ მომხმარებელი გაიგებს, ვინ არის ბებო კარლა.

მერი ტაბატაძე