თბილისში ყველაზე დიდი მოთხოვნა 50-დან 75 კვ.მ-მდე ბინებზე იყო

მიმდინარე წლის აპრილში, 679 ახალი, ხოლო 2 514 ძველი ბინა გაიყიდა, უმრავლესობა კი 50-დან 75 კვ.მ ფართობის ბინა იყო. მათმა წილმა მთლიან ტრანზაქციებში 42 პროცენტი შეადგინა - ამის შესახებ TBC Capital - ის კვლევაშია საუბარი.

კვლევის მონაცემების მიხედვით, კვლავ დაბალია 125-კვ.მ-ზე მეტი ფართის მქონე ბინების წილი, ამ წლის აპრილში, აღნიშნული მაჩვენებელი 5%-ზე დარჩა. ტრანზაქციების განაწილება ფართობის და უბნების მიხედვით მნიშვნელოვნად არ განსხვავდება. ყველა უბანში ყველაზე მეტი ტრანზაქცია 50-75 კვ.მ-ის ბინაზე განხორციელდა. შემდეგ მოდის ბინები 35-50 კვ.მ ფართობით. როგორც მონაცემებიდან ირკვევა ამ ზომის ბინებზე ყველაზე მაღალი მოთხოვნა დიდ დიღომში ფიქსირდება.

TBC Capital-ის მონაცემების თანახმად, 125 კვადრატულ მეტრზე უფრო დიდი ბინები პოპულარობით ყველაზე მეტად ვაკესა და მთაწმინდაზე სარგებლობს. პირველ შემთხვევაში ამ ზომის ბინებზე ტრანზაქციების წილი მეხუთედზე მეტია (22 პროცენტი), ხოლო მთაწმინდის შემთხვევაში, შესაბამისი მაჩვენებელი 17 პროცენტს შეადგენს.

კვლევაში ნათქვამია ისიც, რომ 35 კვ.მ-ზე ნაკლები ბინების წილი ყველაზე მაღალი ჩუღურეთსა (19 პროცენტი) და მთაწმინდაზე(22 პროცენტი) იყო.

თორნიკე მაისაშვილი