„შემდეგი თვეების განმავლობაში გვექნება გაზრდილი მერყეობა“

„შემდეგი თვეების განმავლობაში გვექნება გაზრდილი მერყეობა,“ - ამის შესახებ ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

ცნობისთვის, მაისის მეორე ნახევარში ანუ დაახლოებით 2-კვირიან ჭრილში დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტა 10-11 თეთრით არის გაუფასურებული. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7968 ლარია, კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში კი მისი შეძენა კიდევ ცოტა ძვირად არის შესაძლებელი.

„მე არ მგონია, რომ სანქციების გამო ხდება ლარის გაუფასურება ან ქართული ბანკების აქციების ფასის ვარდნა. ეს იმ ფუნდამენტური პრობლემების და იმ პოლიტიკური კრიზისის გამო ხდება, რაც ახლა ქვეყანაშია. ლარის გაუფასურებასაც და სანქციებსაც ერთი და იგივე გამომწვევი მიზეზი აქვს - ეს არის „ქართული ოცნების“ ქმედებები.

საზოგადოებაში ჯერჯერობით უფრო გაურკვევლობაა. მართალია, საშიროება არსებობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიაღწიოს მიზანს და შეცვალოს ქვეყნის კურსი, თუმცა რაღაც იმედი კიდევ არის, რომ ამას ვერ მიაღწევს. თუმცა, ამის მიუხედავად, დღეს არსებული გაზრდილი შფოთვა აიძულებს ქართველი და უცხოელი ინვესტორების ნაწილს რომ მარაგები ლარში არ იქონიონ, შესაბამისად, ყიდიან ლარს, როდესაც მოთხოვნა მცირდება ლარზე, მიწოდება იზრდება და დოლარში გამოხატული ლარის ფასიც ეცემა. ვინც დღეს ლარის გაუფასურებას აჟიოტაჟს აბრალებს, ის უბრალოდ, არაკომპეტენტურია.

ძნელია იმაზე საუბარი, თუ რა იქნება მომავალში. ლარის კურსთან დაკავშირებით, პროგნოზებს არ ვაკეთებ, მაგრამ ერთი რაც შემიძლია ვთქვა, ველოდები რომ შემდეგი თვეების განმავლობაში გვექნება გაზრდილი მერყეობა. შეიძლება იყოს მცოცავი გაუფასურებისკენ ტენდენცია,“- განაცხადა ბედინეიშვილმა.

თაია არდოტელი