„შემაშფოთებელია საქართველოში ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი - 16% აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს“

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ საქართველოში ბავშვთა სიღარიბისა და არასათანადო სოციალური დაცვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვთა 16% აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ასობით უსახლკარო ბავშვი საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სოციალურ საცხოვრისში, ღირსების შემლახველ გარემოში ცხოვრობს.

„შემაშფოთებელია საქართველოში ბავშვთა სიღარიბესა და არასათანადო სოციალურ დაცვასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები: სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის მარტის მონაცემებით, 254 627 ბავშვი (ბავშვების საერთო რაოდენობის 30.25 %) საარსებო შემწეობის მიმღებია, ხოლო სოციალურად დაუცველთა ბაზაში 351 518 ბავშვია რეგისტრირებული (ბავშვების საერთო რაოდენობის 40.8 %). საარსებო შემწეობის სისტემის ხარვეზიანობის გათვალისწინებით, დიდია ალბათობა იმისა, რომ ამ დახმარების მიღმა მხარდაჭერის საჭიროების მქონე არაერთი ბავშვი რჩება“, - ვკითხულობთ კვლევაში.

ამასთანავე, გაეროს ბავშვთა ფონდის 2023 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოში ბავშვთა 37.8% აქვს მატერიალური და სოციალური დანაკლისი. მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა სოფლად მცხოვრები ბავშვებისთვის, სადაც ეს მაჩვენებელი 47 %-ს აღემატება;

„აღნიშნული გამოწვევების ფონზე, საქართველოს მთავრობა ვერ უზრუნველყოფს ბავშვიანი ოჯახების მდგრად მხარდაჭერასა და გრძელვადიან გაძლიერებას. სერვისების სიმწირე, ფიზიკური, გეოგრაფიული, ფინანსური წვდომის ბარიერები საჭიროების მქონე არაერთ არასრულწლოვანს ტოვებს მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გარეშე.

ამ ფონზე, სფეროს სპეციალისტების რაოდენობა მცირდება - მაგალითისთვის, სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის ბოლოსთვის, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში, მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ 255 სოციალური მუშაკი და 19 ფსიქოლოგი იყო დასაქმებული.

ამ გამოწვევების პარალელურად, ხელისუფლება, რომელიც ბავშვების სოციალური დაცვის გარანტიებს ვერ ქმნის, აგრძელებს ოჯახის სიწმინდის და ღირსების იდეით მანიპულირებას; მიზანში იღებს სწორედ იმ ორგანიზაციებსა და ინიციატივებს, რომლებიც, მათ შორის, ბავშვთა უფლებების დაცვაზე და სოციალურ უზრუნველყოფაზე მუშაობენ“, - აღნიშნული კვლევაში.

ფოტო: ვახო ხეთაგური/ UNICEF

მერი ტაბატაძე