ნიდერლანდებში მცენარეული პესტიციდი გამოიგონეს

ნიდერლანდელმა მეცნიერებმა გამოიგონეს გელი, რომელიც შესაძლოა, ქიმიური პესტიციდების მცენარეული ალტერნატივა გახდეს. ინფორმაციას “ევროპულსი” ავრცელებს.

ქიმიური პესტიციდებისგან განსხვავებით, ახალი გელი ფუტკრებისა და სხვა დამმტვერავი მწერებისთვის საშიში არ არის.

გელის შექმნა მკვლევრებს ე.წ. მტაცებელმა მცენარეებმა შთააგონეს, რომლებიც მსხვერპლის დასაჭერად იმავე მექანიზმს იყენებენ. კერძოდ, საკვები მცენარეული ზეთის დაჟანგვით მკვლევრებმა ის წებოვანი გახადეს, შემდეგ კი წყალსა და ცოტაოდენ საპონში ათქვიფეს, რომ წვეთები ერთმანეთს არ მიკრობოდა. შედეგად, მწერები, რომლებიც გელის წვეთებს ასხდებიან, ზედ ეწებებიან, რაც გელს თავისი ფუნქციით ბუზის დამჭერ წებოვან ლენტს ამსგავსებს.

გელს პესტიციდების მსგავსად ასხურებენ.

აღნიშნული გამოგონება მეცნიერებმა პატარა მწერებზე გამოცადეს, რომლებიც 500-ზე მეტი სახეობის ბოსტნეულს, ხილსა და დეკორატიულ კულტურებს ანადგურებენ. ტესტირების ორ დღეში პესტიციდმა მავნებლების 60%-ზე მეტი დაიჭირა.

მკვლევრები აცხადებენ, რომ ახალ პესტიციდს, ქიმიურისგან განსხვავებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს. კერძოდ, მავნებლებს მის მიმართ მდგრადობა არ უვითარდებათ და წინააღმდეგობის გასაწევად ისინი ზომაში მკვეთრად უნდა გაიზარდონ.

ჯგუფი ამჟამად იკვლევს, თუ რამდენად სწრაფად იშლება გელის წვეთები და მცირდება მათი წებოვნება. ისინი ბუნებრივ პესტიციდში არომატიზატორის დამატებას განიხილავენ, რათა მავნებლებისთვის ის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს.

ცნობისთვის, მსოფლიო მეცნიერების მტკიცებით, მწერებს, მათ შორის, დამმტვერავებს მასობრივი გადაშენება ემუქრებათ, რაც, ასევე, სოფლის მეურნეობაში ქიმიური პესტიციდების გამოყენებით არის გამოწვეული. კერძოდ, ფინელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პესტიციდები ბაზებს (ფუტკრისებრთა ოჯახიდან) ფერების დამახსოვრების უნარს ურღვევენ.

ევროკავშირი სოფლის მეურნეობაში დამმტვერავი მწერების დამაზიანებელი პესტიციდების გამოყენებაზე საერთო ევროპულ რეგლამენტს ამუშავებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ