„2 ლოკოკინით დავიწყე, დღეს 5 000 მყავს“ - რა ღირს „ბებო კარლას“ ლოკოკინის ლორწოს შემცველი საპნები

„2021 წელს გაკეთდა პირველი სატესტო საპონი და არ ვფიქრობდით, რომ ასეთი განვითარება მოჰყვებოდა ამ ამბავს; ახლა აქტიურ მუშაობაზე გადავედით“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ბებო კარლას“ დამფუძნებელმა ნინო ჯანიაშვილმა განუცხადა.

ხელნაკეთი საპნების მწარმოებელი კომპანია ამჟამად 50-ზე მეტი სახეობის პროდუქციას ამზადებს, მათ შორის საპნებს, მყარ შამპუნებს, მკვებავ კრემებს, ლოსიონებსა თუ სკრაბებს. როგორც დამფუძნებელი გვიყვება, მთავარი ინგრედიენტი, რასაც პროდუქციის დამზადებისას იყენებს, არის ლოკოკინის ლორწო.

ჯანიაშვილი ლოკოკინის ლორწოს თავადვე ამუშავებს. რუსთავში, საკუთარ სახლში ლოკოკინის მინი ფერმა აქვს. საქმიანობის დაწყებისას 2 ცალი ლოკოკინა ჰყავდა, დღეს კი მათი რაოდენობა 5000 ცალს აღწევს.

„დედა იყო კოსმეტოლოგი და ქმნიდა სხვადასხვა პროდუქციას და რეალიზაციას უწევდა. ბავშვობიდან ვიყავი ამ თემაში ჩართული. სახლში მოვიყვანე 2 ცალი ლოკოკინა მას შემდეგ, რაც მისი სარგებლის შესახებ გავიგე. ყველა ჩემი პროდუქცია შეიცავს ლოკოკინის ლორწოს, რომელსაც მე თვითონ ვამუშავებ ჩემივე ლოკოკინების მინი ფერმიდან. ეს ფერმა სახლის პირობებში არის მოწყობილი. დაახლოებით 5000 ცალამდე ლოკოკინა მყავს ახლა“, - განაცხადა ნინო ჯანიაშვილმა.

მისი თქმით, ხელნაკეთ საპნებსა და სხვა პროდუქტებზე მოთხოვნა მზარდია. „ბებო კარლა“ ბიზნესის გაფართოებასა და პროდუქციის რაოდენობის გაზრდაზე მუშაობას. სულ რამდენიმე დღეში კომპანია რუსთავში პირველ მაღაზიას ხსნის. გარდა ამისა, სამომავლო გეგმებშია ექსპორტზე გასვლაც, ამ კუთხით ჯანიაშვილი პრიორიტეტს ანიჭებს ევროპის ქვეყნებს. რაც შეეხება ფასს, ხელნაკეთი ლოკოკინის ლორწოს შემცველი საპნების ფასი 5 ლარიდან იწყება და 50-ლარამდე აღწევს.

„მოთხოვნა დღითი დღე იზრდება, რამდენიმე კატეგორიად მაქვს დაყოფილი პროდუქცია, შევეცადე ყველა ასაკობრივი კატეგორია მოქცევა. ამასთანავე, სამკურნალო საპნების გარდა, ვამზადებ დეკორატიულ საპნებს, რომელიც სამკურნალო თვისებით არის გაჯერებული. მაქვს ხელნათალი საპნებიც, რომელსაც ხელით ვამზადებ და თითოს 5-6 საათი სჭირდება. ეს მაქვს ინდივიდუალური შეკვეთები, ვაკეთებ დასურათებულსაც, ტურისტებში ეს ძალიან დიდ დაინტერესებას იწვევს.

ხშირად მეკითდებიან, ვინ არის „ბებო კარლა“, სულ მალე გაიგებენ, ვინ არის ბებო კარლა. ვმუშაობ საბავშვო წიგნზე, ეს არის მითური ბებო კარლას შესახებ, წიგნში დეტალურად გადმოვცემ, რას ემსახურება ის“, - აღნიშნავს ჯანიაშვილი.

მერი ტაბატაძე