თხილის ექსპორტი შემცირდა - ევროკავშირის წილი ექსპორტში 58%-ს შეადგენს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოველწლიური მოხსენებიდან ირკვევა, რომ 2023 წელს ქართული წარმოების თხილის 70% ექსპორტზე ევროკავშირში გავიდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა რაოდენობის ქართული წარმოების თხილი გავიდა მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ექსპორტზე და რომელ ქვეყნებში.

საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იანვარ-აპრილში ექსპორტირებულია 29,340 მლნ დოლარის ღირებულების თხილი, ხოლო მიმდინარე წლის იმავე პერიოდში 26,225 მლნ დოლარის. აღნიშნული მონაცემები აჩვენებს, რომ მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში თხილის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები საქართველოს დაახლოებით 10.6%-ით შეუმცირდა.

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ჯამში ექსპორტზე გავიდა 15 214 750 აშშ დოლარის ნაჭუჭგაცლილი თხილი. მონაცემები აჩვენებს, რომ საანგარიშო პერიოდში ადგილობრივად წარმოებული თხილის 58%-ის ექსპორტის ევროკავშირში განხორციელდა. კერძოდ, ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

  • ესპანეთი - 5 521 590 დოლარი
  • საფრანგეთი - 1 706 840 დოლარი
  • იტალია - 1 657 180 დოლარი
  • გერმანია - 1 306 390 დოლარი
  • ლიეტუვა (ლიტვა) – 1 261 350 დოლარი
  • პოლონეთი - 971 180 დოლარი
  • ნიდერლანდები - 871 910 დოლარი
  • ჩეხეთი - 601 260 დოლარი
  • სლოვაკეთი - 599 050 დოლარი
  • ბულგარეთი 297 810 დოლარი
  • ლატვია - 152 250 დოლარი
  • ესტონეთი - 151 630 დოლარი
  • საბერძნეთი - 116 310 დოლარი

მერი ტაბატაძე