ლონდონში უსახლკარობის მუზეუმი გაიხსნა

ლონდონში პირველი უსახლკარობის მუზეუმი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

მუზეუმი უკვლევს უსახლკარო ადამიანების გამოცდილებას, ვისიც დღემდე არ ესმით და ხშირად უგულებელყოფენ. სწორედ ამიტომ, შუშის ყუთებში წარმოდგენილი საგნების კოლექციის ნაცვლად, მუზეუმი მოქალაქეებს ინტერაქციულ გამოცდილებას სთავაზობს, სადაც მოხალისეები უსახლკარო ადამიანების ისტორიებს ჰყვებიან.

მუზეუმის კოლექციაში, ასევე, შედის ისეთი უბრალო ნივთები, როგორიც სავაჭრო ურიკები და პოლიეთილენის პაკეტებია. მაგალითად, წებოვანი ლენტით გადახვეული უხეში ხის ჯოხი უსახლკარო მამაკაცის მიერ იმპროვიზებულად გაკეთებული ყავარჯენია, რომელიც მან ავტობუსში დატოვა.

„ჩვენ გვსურს, ოდნავ გადავფურცლოთ ფურცელი იმისა, თუ როგორ საუბრობენ ადამიანები უსახლკარობაზე. უსახლკარობის ირგვლივ ბევრი სენსაციურობა და სიბრალულია, მსხვერპლთა ბევრი ნარატივია. ამ შოუთი ვცდილობთ, ვაჩვენოთ, რომ სინამდვილეში უსახლკარობაში ბევრი სიბრძნე და კრეატიულობაა”, - აცხადებს მუზეუმის ოპერაციული მენეჯერი, ადამ ჰემინგსი.

უსახლკარო ადამიანების სიბრძნისა და კრეატიულობის გამო, მუზეუმის ორიგინალური სლოგანია „როგორ გადავიტანოთ აპოკალიფსი” (How to survive the apocalypse).

Bloomberg-ის შეფასებით, ეს ორიგინალური ინიციატივა დროული გამოხმაურებაა სტატისტიკაზე, რომლის მიხედვითაც, 2022 წელს დიდ ბრიტანეთში უსახლკარობის გამო 290 000-მა ოჯახმა ითხოვა დახმარება, ხოლო დროებით თავშესაფრებში მოთავსებული ადამიანების რაოდენობა ბოლო ათწლეულის განმავლობაში გაორმაგდა.

„ბევრ ადამიანს ჯერ კიდევ არ აქვს წვდომა დახმარებაზე. 2022 წელს ბრიტანეთის ქუჩებში მძინარე ადამიანების რიცხვი 26%-ით გაიზარდა. ბინის ქირა ინფლაციაზე სწრაფად იზრდება, ხოლო საარსებო მინიმუმის მწვავე კრიზისი სიტუაციას აუარესებს”, - წერს Bloomberg.

სააგენტოს მონაცემებით, 2023 წლის ბოლო სამი თვის განმავლობაში უსახლკარო ადამიანების რაოდენობა მთელ ქვეყანაში 16%-ით გაიზარდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ