„რუსეთს ვაძლევთ გასაღებს, ირიბად დაეუფლოს ანაკლიის პორტს - ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯი ღალატია“

„ეს ნაბიჯი, რომელიც სახელმწიფომ გადადგა და მისცა უპირატესობა ჩინურ კომპანია, ეს არის სახელმწიფოს ღალატი“, - ანაკლიის პორტზე საუბრისას „პალიტრანიუსისა“ და რადიო პალიტრას გადაცემაში „საქმე“ „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი, პაატა ცაგარეიშვილი აცხადებს.

ცაგარეიშვილი აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებით საქართველო დაკარგავს სტრატეგიული მნიშვნელოვანი ღრმაწყლოვან ნავსადგურს და ირიბად გადასცემს რუსეთს. ამ ნაბიჯით ანაკლიის პორტი მხოლოდ ტვირთნაკადის გადამუშავების პუნქტის ფუნქციას შეასრულებს.

„მოსაზრება, რასაც ოცნების დეპუტატები ავრცელებენ, რომ 100 მილიონი ტვირთი იქნება და 790 მილიარდიან ბაზარზე ექნება წვდომა ანაკლიის ნავსადგურს, არის აბსოლუტური ბოდვა. მნიშვნელოვანი არგუმენტი, რომელიც შეიძლება ანალიტიკისებმა წამწიონ ჩინეთთან მიმართებით არის ის, რომ ჩინეთმა ბოლო 10 წელში შეძლო 50 სახელმწიფოში 100 ნავსადგურის შეძენა, ამას ემატება ის გარემოება, რომ მთელი საზღვაო არტერიები და საკონტეინერო ხაზები სუეცის არხით არის მის ხელში.

ამის მიღმა არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, ჩინეთი ფლობს ევროპაში ოცამდე ნავსადგურს, გერმანიაში, დიდი ბრიტანეთში, შვედეთში, პოლონეთში, უფრო მეტიც, მის გამგებლობაშია ევროპის უდიდესი ნავსადგურის, როტერდამის 30%, ანტვერპენის 20%, ჰამბურგის უდიდესი საკონტეინერო ტერმინალი, ასევე ლისაბონის ნავსადგური და პირეოსის ნავსადგურის 51%-საც ფლობს. როტერდამის 30%, ანაკლიის პორტის 5-ჯერ მეტ წილობრივ მონაწილეობის ტოლფასია.

რატომ გავუსვი ხაზი ევროპის ნავსადგურებში წილობრივ რაოდენობას? „ოცნების“ არგუმენტი თვალნათელია, რომ თუ ევროპის ნავსადგურებში შეძლო ჩინეთმა შეესყიდა აქტივები, რა პრობლემა უნდა იყოს ანაკლიის ნავსადგურის შეძენა, რა თქმა უნდა, ლოგიკური არგუმენტია. ამ შეკითხვას რომ გავცეთ პასუხი - ჩინეთი დღეს რეალურად ევროპულ ბაზარზე წვდომას ახორციელებს ჩრდილოეთ მიმართულებით როტერდამის, ანტვერპენის, ჰამბურგის და სანტკ-პეტერბურგის, ხოლო სამხრეთით ეს არის პირეოსი, და ლისაბონის ნავსადგური. ფაქტობრივად, ჩინური ტვირთნაკადი, რომელიც სუეცით შემოვა და გაიშლება, მას თავისუფლად შეუძლია, თავის ნავსადგურებში შევიდეს. იქით მივდივარ, რომ მას ანაკლიის პორტი არაფერში სჭირდება, აქვს სამხრეთით და ჩრდილოეთით მიმართულება ათვისებული. ანუ ის გარემოება რომ ანაკლიიდან ტვირთი ევროპაში გავა, ეს არის ნულის ტოლი. შუა დერეფნის ფუნქცია რომ გაგრძელდეს ეს არის ნული.

ჩინეთი იმ შემთხვევაში გამოიყენებს ანაკლიას, თუ სუეცის არხით მოიტანს ტვირთს, ანაკლიის ნავსადგურში, შემოტრიალდება და მიაწოდებს საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და ცენტრალურ აზიას. ფაქტობრივად, ის შემოტანილ ტვირთს დააბრუნებს ცენტრალური აზიისკენ, ასეთი გადაზიდვა, ფაქტობრივად, არ არსებობს. ღიაა ბენდერაბასის ნავსადგური და არაფერში არ სჭირდება შემოიტანოს ანაკლიაში ტვირთები და მერე გადაანაწილოს. გარდა ამისა, ჩინეთს გააჩნია 28 სახმელეთო დერეფანი, რომლითაც შეუძლია, თავის დომინიონ სახელმწიფოებში ტვირთის შეტანა. არგუმენტი, რომ ანაკლიის ნავსადგური ჩინეთის ჩართვის შემთხვევაში ევროპისკენ იქნება გამოყენებული, არის ნული“, - აღნიშნავს ცაგარეიშვილი.

ცაგარეიშვილის თქმით, ერთადერთი, ვისაც ანაკლიის პორტი სჭირდება ახლა არის რუსეთი და გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც ანაკლიის პორტს ჩინური კონსორციუმი ააშენებს, პორტი ირიბად გადაეცემა რუსეთს. უფრო კონკრეტულად, დღეს რუსეთს აქვს 15-მდე წვრილი და საშუალო ნავსადგური შავ ზღვაში. თუმცა მხოლოდ ერთი მათგანი, ნოვოროსიისკის პორტია ღრმაწყლოვანი და მხოლოდ მას შეუძლია საოკეანო გემების მიღება, მაგრამ აღნიშნული პორტი სანქცირებულია.

„ნოვოროსიისკის ნავსადგური გარდა იმისა, რომ სანქცირებულია, საკონტეინერო ნაკადის მხოლოდ 700 ათასი ერთეულის მიღება შეუძლია, რაც მცირეა. მას გაფართოების საშუალებაც არ აქვს იმიტომ, რომ ოდითგანვე ეს ნავსადგური იყო ნავთობისა და ნავთობპროდუქტებისთვის. პლუს ამას ემატება კლიმატური პირობები. ფაქტობრივად, ჩინეთი შემოიტანს საოკეანო გემებით ანაკლიის ნავსადგურში ტვირთებს, მოახდენს დასაწყობებას, შემდეგ უკვე მცირე ულუფებად მოამარაგებს რუსეთის შავი ზღვის ნავსადგურებს, აქედან უკვე რუსეთის ევროპულ ნაწილში დაუბრკოლებლივ შესაძლებელია მოხდეს გადაზიდვა. ჩვენ ვაძლევთ გასაღებს, რომ რუსეთმა ირიბად დაეუფლოს იმ შესაძლებლობას, მიიღოს ის პროდუქცია, რომლის შესაძლებლობა სანქციების გამო არ აქვს“, - განაცხადა პაატა ცაგარეიშვილმა.

შეგახსენებთ, 29 მაისს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე წინადადებები მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა. მისივე თქმით, პროექტზე გამოცხადებული იყო კერძო პარტნიორისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელიც ორმა პრეტენდენტმა დააკმაყოფილა, კერძოდ, შვეიცარიულ-ლუქსემბურგულმა (Terminal Investment Limited Holding S.A. (T.I.L Holding S.A) და ჩინურმა (ChinaCommunications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური) კომპანიებმა, თუმცა მათ ტექნიკური კომერციული ფინანსური წინადადებების წარდგენის ვადა 2024 წლის 20 მაისამდე ჰქონდათ, ამ ეტაპისთვის კი, ინტერესი მხოლოდ ჩინურ კომპანიებს აქვს გამოხატული.

მერი ტაბატაძე