ჩემს შვილზე ნუ ნერვიულობთ, ჩემს ოჯახს თვითონ მივხედავ - ირაკლი ღარიბაშვილი სანქციებზე

შესაძლოა იყოს გარკვეული საკითხები, რომლებზეც ვერ ვთანხმდებით, ამას კი სჭირდება დიალოგი, დისკუსია, ლაპარაკი და საუბარი. ჩვენ ყველაფერს დავალაგებთ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და პარტიულ აქტივთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი შეფასებით, თუ რაიმე უთანხმოება არსებობს პარტნიორ ქვეყნებსა და „ ქართულ ოცნებას“ შორის, მმართველი პარტია „ყველაფერს დაალაგებს“.

“ქართულმა ოცნებამ“ მოგიტანათ უვიზო რეჟიმი. დღეს თქვენ თავისუფლად, რომ გადაადგილდებით ევროპაში და არ გიწევთ რიგებში დგომა და სავარაუდო უარი ევროპული სახელმწიფოების საკონსულოებიდან, ეს უნდა დააფასოთ. ეს მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენმა ხელისუფლებამ.

ჩვენ, რა თქმა უნდა ჩვენს პარტნიორებთან შესაძლოა გვქონდეს მთელი რიგი უთანხმოებებიც, მაგრამ გვაქვს საკითხები, რომელზეც ვთანხმდებით. გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან და ევროპასთან. თუმცა, შესაძლოა იყოს გარკვეული საკითხები, რომლებზეც ვერ ვთანხმდებით, ამას კი სჭირდება დიალოგი, დისკუსია, ლაპარაკი და საუბარი. ჩვენ ყველაფერს დავალაგებთ.

ჩემს შვილზე ნუ ნერვიულობთ, ჩემს ოჯახს მე თვითონ კარგად მივხედავ!”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.