ბინა, აგარაკი, მოგზაურობა - რა კრიტერიუმებს აკმაყოფილებს საშუალო ფენა ევროპაში

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ღარიბი მოსახლეობის წილი, დაახლოებით 20%-მდეა, თუმცა სტატისტიკოსები ამბობენ, რომ არსებობს დაანგარიშების რამდენიმე მეთოდი, რომელიც სრულიად განსხვავებულ შედეგებს იძლევა.

არაპირდაპირი შეფასებებით, მდიდარ ფენას 5-7% მიეკუთვნება, საშუალო ფენა 20-დან 50%-მდე მერყეობს, ხოლო ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა 40-ზე მეტია.

როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე განმარტავს, საქართველოში ოფიციალურად ვიყენებთ სტატისტიკურ მეთოდს, რომლის მიხედვითაც, თუ ადამიანის შემოსავალი 500 ლარზე ნაკლებია, ღარიბია, თუ მეტია, ის ღარიბთა კატეგორიას არ მიეკუთვნება. თუმცა, მისი თქმით, სანამ ოფიციალურად არ მოხდება აზრთა შეჯერება, თუ რა უნდა ჩაითვალოს კრიტერიუმად, რთული იქნება ზუსტი მონაცემების დადგენა.

რაც შეეხება უცხოეთის გამოცდილებას, სტატისტიკოსი ამბობს, რომ აშშ-ში სიღარიბის ზღვარს მიღმა ითვლება ადამიანი, რომლის შემოსავალი 24 250 დოლარს არ აჭარბებს, ხოლო ევროპაში, საშუალო ფენის წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს ბინა, აგარაკი და მოგზაურობის შესაძლებლობა.

„ამერიკელებს, განსხვავებული კრიტერიუმები აქვთ, 4-სულიანი ოჯახის სიღარიბის ზღვარი არის დაახლოებით, 24 250 დოლარი. ეს კრიტერიუმი ჩვენ არ გამოგვადგება, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით.

ევროპაში არის ასეთი კრიტერიუმი, საშუალო ფენის მიკუთვნებულობის მიხედვით, ოჯახს უნდა ჰქონდეს ბინა, ფართობი თითოეულ წევრზე არანაკლებ 20 კვ.მ. ასევე, 30 კვ.მ დამატებითი ფართობი. ანუ, 4-სულიან ოჯახზე, დაახლოებით, 110 კვ.მ-ია გათვლილი. აგარაკი და დასვენების შესაძლებლობა ქვეყანაში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ წელიწადში ორჯერ. გარდა ამისა, სიღარიბის ზღვრით დადგენილზე 18-ჯერ მეტი თანხა დეპოზიტზე. თუ ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს ადამიანი, ესე იგი ის მიეკუთვნება საშუალო ფენას“,- ამბობს სტატისტიკოსი.

ნინი ქეთელაური