მერიამ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების გამო გასახლებულებს 1.38 მილიონ ლარამდე გადაუხადა

2022 წლის იანვრიდან დღემდე თბილისში ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში ქირით 127 ოჯახი (დაახლოებით 317 მოქალაქე) გაიყვანეს.

ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს 4 კორპუსის ჩანაცვლება.

მათივე ცნობით, ქირით გაყვანილმა პირებმა მერიაში უნდა წარმოადგინონ ქირავნობის დოკუმენტები, რის საფუძველზეც გაიცემა ფულადი თანხა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირმა არ წარმოადგინა დოკუმენტები, გაიცემა 500-ლარიანი კომპენსაცია.

„თუ დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი საცხოვრებელი მიზნით გამოყენებული ალტერნატიული ფართის ქირავნობის ხელშეკრულება, ყოველთვიური ბინის ქირის კომპენსაციის სახით ყოველთვიურად გაიცემა თანხა 500 ლარის ოდენობით“, - აღნიშნულია მერიის პასუხში.

მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ფარგლებში, პროექტის დაწყებიდან დღემდე ჯამში 1 383 460 ლარი უკვე დაიხარჯა.

შეგახსენებთ, ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა 2022 წლიდან ხორციელდება. მერიის ცნობით, ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა 3 მისამართზე აქტიურ ფაზაშია. კერძოდ, საუბარია შემდეგ კორპუსებზე:

  • ვარკეთილის დასახლება, კვარტალი 7, კორპუსი 12-ში ავარიული 4 სართულიანი შენობის ნაცვლად, 10 სართულიანი საცხოვრებელი სახლი აშენდება. მიმდინარე წლის შემოდგომაზე, ახალ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში გარემონტებული ბინა 36 ოჯახს გადაეცემა.
  • სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, სამგორის რაიონში, კალოუბნის ქუჩა N18-ში, სადაც არსებული 3 სართულიანი ავარიული შენობის ნაცვლად 10 სართულიანი საცხოვრებელი სახლი აშენდება. ახალ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში გარემონტებული ბინა 29 ოჯახს გადაეცემა.
  • საბურთალოს რაიონში, გამრეკელის ქუჩა I შეს, N6 მიმდინარეობს 4 სართულიანი ავარიული შენობის დემონტაჟი, რომლის ნაცვლად 8 სართულიანი ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი აშენდება. ახალ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში გარემონტებული ბინა 19 ოჯახს გადაეცემა.

ამასთანავე, სადემონტაჟო და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის თაობაზე ხელშეკრულება გაფორმების ეტაპზეა ვარკეთილის მე-3 მასივის მე-4 კვარტლის N6 კორპუსში, სადაც უახლოეს მომავალში დაიწყება 4-სართულიანი ავარიული შენობის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახალი 10 სართულიანი საცხოვრებელი სახლი აშენდება. ახალ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში გარემონტებული ბინა 36 ოჯახს გადაეცემა.

ამასთანავე, ჩასანაცვლებელი ავარიული სახლის ნაცვლად ახალი შენობა-ნაგებობის კონცეპტუალური დიზაინ-პროექტისა და დეტალური საპროექტო-საინჟინრო დოკუმენტაციის მომზადება დედაქალაქის მასშტაბით აქტიურ რეჟიმშია 22 მისამართზე, სადაც მოსახლეობის მიერ ახალ შენობაში სართულებრივ გეგმებზე სრული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, გარემონტებული საცხოვრებელი ბინა 900-მდე ოჯახს გადაეცემა.

მერი ტაბატაძე