ზუგდიდის UEFA-ს სტანდარტების სტადიონის მშენებლობის დასრულებისთვის 16.3 მლნ ლარის ტენდერი გამოცხადდა

ზუგდიდის UEFA-ს მესამე კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის და სათადარიგო სტადიონის მშენებლობის დასრულების სამუშაოებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 16.3 მილიონი ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

წინადადებების მიღება 16 ივნისს დაიწყება და 21 ივნისს დასრულდება. კომპანიამ, რომელიც გამოთქვამს სამუშაოების შესრულების სურვილს, მშენებლობა 2025 წლის 31 დეკემბერს უნდა დაასრულოს.

შეგახსენებთ, ზუგდიდში UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური სტადიონის მშენებლობა 2015 წელს დაიწყეს და 2017-ში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სტადიონი დღემდე არ გახსნილა.

„შპს დაგიმ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს აშენებული სტადიონი რამდენიმე თვის დაგვიანებით ჩააბარა, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ სტადიონი ხარვეზიანია და გამოცხადდა ახალი ტენდერი.

ახალი ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები 2024 წლის აპრილს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ თარიღი რამდენჯერმე გადაიწია და მშენებლობა ვერ დასრულდა. საჭირო გახდა კვლავ ახალი ტენდერის გამოცხადება. როგორც უკვე მოგახსენეთ, ახალი ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა 30 მაისს გამოაცხადა.

იხილეთ ასევე: დაუსრულებელი სტადიონების მშენებლობა 23 მლნ ლარი დაგვიჯდა - კვლევა

მერი ტაბატაძე