G7 და ევროკავშირი SWIFT-ის რუსულ ანალოგზე მომუშავე ბანკებს დაასანქცირებენ

G7-ის ქვეყნები (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი, კანადა, აშშ, იაპონია) და ევროკავშირი განიხილავენ შეზღუდვებს მესამე ქვეყნების ბანკების მიმართ, რომლებიც რუსეთის ბანკის ფინანსური შეტყობინებების სისტემას, SPFS-ს (System for Transfer of Financial Message) იყენებენ. ინფორმაციას Bloomberg წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, SWIFT-ის მსგავსად, SPFS ბანკთაშორის გადახდების გასაადვილებლად უსაფრთხო შეტყობინებების ქსელია, რომლის გამოყენებაც 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, თითქმის, სამჯერ გაიზარდა. ამჟამად მას 20-მდე ქვეყანაში, მათ შორის, ჩინეთში, ბელარუსში, სომხეთში, ტაჯიკეთსა და ყაზახეთში 150-ზე მეტი უცხოური ბანკი იყენებს.

ასეთ ბანკებზე შესაძლო შეზღუდვებს G7-ის ქვეყნები იტალიაში დაგეგმილი ივნისის შეხვედრის წინ განიხილავენ, სადაც მთავრობის მეთაურები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების „უფრო ეფექტური აღსრულების“ ზომებზე უნდა შეთანხმდნენ. თუმცა, Bloomberg-ის წყაროს ცნობით, კონკრეტული შეზღუდვები ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია და თითოეულმა ქვეყანამ შესაძლოა, სხვადასხვა ზომა შემოიღოს.

ევროკომისიის წინადადებით, უცხოური ბანკების მიერ SPFS-ის გამოყენების შეზღუდვა სანქციების მე-14 პაკეტში უნდა შევიდეს, რაზე შეთანხმებასაც ევროკავშირი G7-ის შეხვედრამდე ცდილობს. თუმცა, გამოცემის ერთ-ერთი წყაროს თანახმად, ზოგიერთი ქვეყანა SPFS-ის სრულ აკრძალვას ეწინააღმდეგება, რადგან ამან შესაძლოა, მესამე ქვეყნებთან ურთიერთობის გაუარესება გამოიწვიოს და ლეგიტიმურ ტრანზაქციებზე გავლენა მოახდინოს.

ევროკომისიის სხვა წინადადებები სანქციების სიაში მესამე ქვეყნების ბანკების ჩართვას მოიცავს, რომლებიც რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარებიან. ასევე, უნდა გაძლიერდეს საკანონმდებლო მოთხოვნები კომპანიებისთვის, რომ თავიანთი შვილობილი ორგანიზაციები და მიწოდების ჯაჭვები აკონტროლონ, ხოლო სასანქციო სიაში მესამე ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირებიც შევიდნენ.

ცნობისთვის: 2023 წლის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას უცხოური ბანკებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული ზომების შესახებ, რომლებიც, ხაზინის დეპარტამენტის თანახმად, შესაძლოა, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის საქონლის მიწოდების ტრანზაქციებში იყვნენ ჩართული. ეს გარიგებები ტექნოლოგიების, თავდაცვის, მშენებლობის, აეროკოსმოსურ და დამუშავების სექტორებს ეხება. შეზღუდვებს შორის არის შეერთებულ შტატებში საკორესპონდენტო ან გამჭოლი ანგარიშების გახსნის აკრძალვა და უცხოური ბანკების ქონების დაბლოკვა. ასევე, ამ ზომებს შორის შესაძლოა, აშშ-ის ფინანსური სისტემიდან ბანკების გათიშვაც იყოს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ