თბილისის მერია საკვები პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს მიმართავს

თბილისის მერია საკვები პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს მიმართავს. აღნიშნულთან დაკავშირებით დედაქალაქის მუნიციპალიტეტი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საკვები პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს მერიასთან დაკავშირებას სთხოვს იმ შემთხვევაში, თუკი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე მოხალისე პირთა საკვები და სასმელი პროდუქტებით უზრუნველყოფის სურვილს გამოთქვამენ.

"ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიმართავს საკვები პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებსა და კერძო პირებს, ვისაც სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე მოხალისეთა საკვები და სასმელი პროდუქტით უზრუნველყოფა სურთ, დაუკავშირდნენ ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციას. საკონტაქტო პირი: თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი პაატა ჯაჭვლიანი - 595 44 45 45", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

გარდა ამისა, მერია იმ მოქალაქეებსა და ორგანიზაციებსაც მიმართავს, ვისაც სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საყოფაცხოვრებო ნივთებით დახმარების სურვილი აქვს და თხოვს, რომ ამ შემთხვევაშიც მერიის ადმინისტრაციას დაუკავშირდნენ. "საკონტაქტო პირი ამ შემთხვევაში ლიკა ბურდულია - 551 51 58 34", - აცხადებენ მერიაში.