ჩინეთში კონტეინერების დეფიციტია

ჩინეთიდან ყველა სახის ტრანსპორტით საკონტეინერო იმპორტი მკვეთრად გაძვირდა, რადგან წითელ ზღვაში არსებულ კონფლიქტის გამო ცარიელი კონტეინერების მწვავე დეფიციტი გაჩნდა. ინფორმაციას “კომერსანტი” ბაზრის მონაწილეთა მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, კეთილი იმედის კონცხის შემოვლით რეისების ხანგრძლივობის გაზრდა კონტეინერების უფრო დიდ რაოდენობას ითხოვს, რამაც, თავის მხრივ, ჩინეთში მათი მარაგის შემცირება გამოიწვია.

წლის დასაწყისიდან ფრახტის ტარიფები გაორმაგდა, ხოლო მხოლოდ მაისში, დაახლოებით, 50%-ით გაძვირდა. 20-26 მაისის კვირაში გადაზიდვის ხაზების უმეტესობამ GRI, ანუ ტარიფების ზოგადი ზრდა შემოიღო, რამაც საკონტეინერო გადაზიდვის განაკვეთი 15-30%-ით გაზარდა.

ამის შემდეგ, მაისის შუა რიცხვებიდან რკინიგზის ტარიფებიც გაიზარდა, რასაც, ასევე, აღჭურვილობის ზოგად დეფიციტსა და ჩინეთის სადგურებიდან პირდაპირი მატარებლების გაგზავნის გეგმის შემცირებას უკავშირებენ. მაისის დასაწყისიდან ჩინეთიდან სარკინიგზო მიწოდების ტარიფები 40-ფუტიანი კონტეინერისთვის 10%-ით, 5,9-6,3 ათას დოლარამდე გაიზარდა.

დაუტვირთავი საქონლის დიდი მოცულობა მაისიდან ივნისში გადავიდა, რაც როგორც კონტეინერების დეფიციტით, ასევე, გადახდებზე ჩინეთის ბანკების ახალ მოთხოვნებთან ბაზრის მოთამაშეების თანდათანობითი ადაპტაციით არის გამოწვეული.

შედეგად სატრანსპორტო მომსახურებაზე მოთხოვნა გაიზარდა. მაისის დასაწყისიდან ჩინეთიდან საზღვაო მიწოდების საშუალო ღირებულება 20-ფუტიანი კონტეინერისთვის 30%-ით ან მეტად, 1,9-2,1 ათას დოლარამდე, ხოლო 40-ფუტიანი კონტეინერისთვის 2,5-3 ათას დოლარამდე გაიზარდა.

ჩინეთში კონტეინერების დეფიციტი აპრილიდან შეინიშნებოდა, ხოლო მაისში გამწვავდა. კერძოდ, თუ აპრილში ისინი ხელმისაწვდომი იყო და მხოლოდ ლოდინის დრო იყო გაზრდილი, მაისში გადაზიდვის ხაზებმა გამოაცხადეს, რომ მთავარ პორტებში საკმარისი კონტეინერები მხოლოდ ერთი ან ორი გემისთვის ჰქონდათ. მართალია, ჩინეთში ყოველწლიურად 3 მილიონამდე ერთეული სხვადასხვა კონტეინერი იწარმოება, მაგრამ ქვეყანა უფრო მეტ საქონელს აგზავნის, ვიდრე მთელი მსოფლიოდან იღებს. მაგალითად, ჩინეთს კონტეინერებით ვაჭრობაში ნულოვანი ბალანსი მხოლოდ საფრანგეთთან, გერმანიასთან, იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან, ტაივანთან და ვიეტნამთან აქვს.

აპრილის ბოლო-მაისის დასაწყისიდან კონტეინერის მიწოდების საშუალო განაკვეთი 500-700 დოლარით, ანუ ჩინეთის რეგიონის მიხედვით 1,7-2,1 ათას დოლარამდე გაიზარდა, ხოლო ივნისში ფასების კიდევ 500 დოლარით მატებას მოელიან.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ