კუმურდოს ტაძრის მეექვსე ეტაპის რეაბილიტაციისთვის 836 536 ლარი გამოიყო

კუმურდოს საკათედრო ტაძრის რეაბილიტაციის მეექვსე ეტაპი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობა აქვეყნებს.

ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წლიდან სააგენტომ გააგრძელა და იმავე წლის აგვისტოში გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მიმდინარე ეტაპის სამუშაოებს შპს „არქიტექსი“ ასრულებს.

ამ ეტაპისთვის დასავლეთ მკლავის ცენტრალურ ნავზე მოწყობილია ჰიდროსაიზოლაციო ფენა და ამჟამად მიმდინარეობს ლორფინის ბურულის მოწყობა, ხოლო ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ მკლავების კუთხეებში - დეკორატიული, რთულზედაპირიანი დეტალების მონტაჟი. დასავლეთ ცენტრალურ ნავზე სამუშაოების დასრულების შემდეგ დასავლეთ მკლავის ჩრდილოეთ და სამხრეთ გარსშემოსავლელებზე მოეწყობა კარნიზები და ლორფინის ბურული.

მიმდინარე ეტაპის სამუშაოების ჩასატარებლად სააგენტოს მიერ გამოყოფილია 836 536 ლარი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მდებარე ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, კუმურდოს გუმბათიან ეკლესიას, ტექნიკური შესრულების ხარისხით, უმაღლესი მხატვრული ღირსებებით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული არქიტექტურის ისტორიაში. ტაძრის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაცია 2015 წელს შედგა და 2016 წლიდან ფონდ “ქართუს“ მიერ ეტაპობრივად დაიწყო ძეგლის ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები, კერძოდ, ჩატარდა გაწმენდითი და არქეოლოგიური სამუშაოები, მოეწყო ტაძრის დასავლეთ მკლავის საძირკველი, სრულად აღდგა დასავლეთ მკლავი და მისი ჩრდილოეთ და სამხრეთ გარშემოსავლები, ასევე, სრულად აღდგა ტაძრის სამხრეთ კარიბჭე და გადაიხურა ლორფინის სახურავით. აღნიშნული სამუშოებისთვის ფონდის მიერ დაიხარჯა 1 878 637 ლარი.

ტაძრის აგება დაწყებულია X საუკუნეში. იგი ქვით ნაშენი, გუმბათოვანი ნაგებობაა, თავისებური, გარდამავალი ხასიათის გეგმით - გარედან ჯვრისებრი მოხაზულობისაა, შიგნით კი ხუთი ნახევარწრიული აფსიდი და ერთი (დასავლეთი) სწორკუთხა მკლავი ჰქონდა. ტაძრის სამხრეთი შესასვლელის თავზე მოთავსებული ასომთავრული წარწერა გვამცნობს, რომ მისი ბალავარი 964 წელს დაიდო.

ეკა დარჩიაშვილი