საქართველოს დასახლებების 22% გეოლოგიური პროცესების რისკის ქვეშ არის

გასულ წელს საქართველოში 1360 მეწყრული პროცესი დაფიქსირდა. ამის შესახებ საინფორმაციო ბიულეტენშია საუბარი, რომელიც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მოამზადა.

დოკუმენტიდან, სახელწოდებით - „საქართველოში 2023 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2024 წლისთვის“ ჩანს, რომ მეწყრული პროცესების მაჩვენებელი 2018 წლიდან მზარდია. კერძოდ, 2018 წელს 702 შემთხვევა დაფიქსირდა, 2019 წელს - 849, 2020 წელს - 1070, 2021 წელს - 1107, 2022 წელს - 1120, 2023 წელს კი - 1360.

ამასთან, 2023 წლის კვლევით, საქართველოს გეოლოგიური პროცესების საშიშროების ქვეშ მოქცეული დასახლებული პუნქტების რაოდენობა ასე ნაწილდება: დასახლებების 22% მაღალი რისკის ქვეშაა, 26% - საშუალო, 20% - დაბალი, ხოლო 32% ძლიერ დაბალი რისკის ქვეშ.

ნინი ქეთელაური